ირანმა გაეროს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგების შესწავლა მოსთხოვა

ირანი

ირანმა გაეროს მოუწოდა, შეისწავლოს აშშ-ის სანქციების ჰუმანიტარული შედეგები. თეირანის განცხადებით, ვაშინგტონის ზეწოლის კამპანია რიგით ირანელებს აზარალებს და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

„თეირანი გაეროს გენერალურ მდივანს სთხოვს, შეაფასოს და წარმოადგინოს ანგარიში ამ ქმედებების ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებრივ შედეგებზე“, - აღნიშნულია ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის წერილში, რომელიც გაეროს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარესა და წევრ სახელმწიფოებს გაეგზავნათ.

საგარეო უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ასახულია თეირანის პოზიცია იმ ქმედებებზე, რომლებსაც არაღჩიმ ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული „ეკონომიკური ტერორიზმი“ უწოდა.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროს მოუწოდა, შეაფასოს ამერიკული შეზღუდვების გავლენა საკვებზე, მედიკამენტებზე, ჯანდაცვაზე, ენერგეტიკაზე, ტრანსპორტსა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე.

მან უშიშროების საბჭოსა და გაეროს წევრ ქვეყნებს ვაშინგტონის მიერ დაწესებული ცალმხრივი იძულებითი ზომებისა და მეორადი სანქციების დაგმობისკენ მოუწოდა.

გარდა ამისა, თეირანი მოუწოდებს მსოფლიო მთავრობებს, არ ცნონ და არ აღასრულონ სანქციები, რომლებიც ირანთან ლეგალური ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაწყვეტას ისახავს მიზნად. არაღჩიმ შეერთებულ შტატებსაც მოუწოდა, შეწყვიტოს მესამე ქვეყნებსა და კომპანიებზე ზეწოლა ირანთან ეკონომიკური კავშირების შეზღუდვის მიზნით.