1780423256
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი ცოცხალია და სულ უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში - მარკო რუბიო
ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა მოჯტაბა ხამენეი ცოცხალია და სულ უფრო აქტიურად ერთვება პროცესებში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ სენატში გამართულ მოსმენაზე განაცხადა.
მოჯტაბა ხამენეი ომის დასაწყისში განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, რასაც მამამისი და ქვეყნის სამხედრო ლიდერები ემსხვერპლნენ, საჯაროდ არ გამოჩენილა.
ამასთან, მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებები „უაღრესად ტექნიკური“ პროცესი იქნება და თვეები გაგრძელდება.
„ეს უაღრესად ტექნიკური საკითხებია და ხუთ დღეში ვერ გადაიჭრება. ამისთვის საჭიროა, რომ ექსპერტთა გუნდი 30, 60 ან 90 დღის განმავლობაში შეხვდეს და დეტალებზე იმუშაოს, მაგრამ მზადყოფნა უნდა გამოხატონ“, – განაცხადა რუბიომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ბირთვული მოლაპარაკებების დაწყება ჰორმუზის სრუტის გახსნაზეა დამოკიდებული, ირანმა ჯერ უნდა გამოაცხადოს, რომ სრუტე ღიაა ყოველგვარი გადასახადისა და შეზღუდვის გარეშე. როგორც მარკო რუბიომ განმარტა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქება ცალკე პირობებზე იქნება დამოკიდებული და სრუტის გახსნის სანაცვლოდ არ განიხილება.












