ინგლისში ფართომასშტაბიან ხანძარს ებრძვიან

ხანძარი ინგლისში

ინგლისში, დასავლეთ მიდლენდში ფართომასშტაბიან ხანძარს ებრძვიან. „სქაი ნიუსის“ ცნობით, ქალაქ სტურბრიჯში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვის, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა. ადგილზე მობილიზებულია 60-მდე მეხანძრე-მაშველი.

როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად გოლფის მოედნის მახლობლად გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით სახლებსა და შენობებზე გავრცელდა. სპეციალური სამსახურები მოქალაქეებს მოუწოდებენ, სახლების კარები და ფანჯრები დახურონ.

„საგანგებო სიტუაციების სამსახურები და დასავლეთ მიდლენდსის რკინიგზის დამაკავშირებელი და ტრანსპორტის ჯგუფები ინფორმაციას მაწვდიან და მოვუწოდებ ხალხს, თავი აარიდონ ამ ტერიტორიას, ხოლო ქალაქში მყოფებს, დაიცვან ადგილზე მყოფი პოლიციისა და მეხანძრე-მაშველების რჩევები“, – განაცხადა დასავლეთ მიდლენდის მერმა, რიჩარდ პარკერმა.

ცნობისთვის, ინგლისში ხანძრებს, უკვე რამდენიმე კვირაა, ებრძვიან. ასევე, დღეს ლონდონის დასავლეთით 38 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ამ თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.