ჰორმუზის სრუტეში ახალი სატრანზიტო მარშრუტის შესახებ შეთანხმება მიღწეულია

ჰორმუზი

ირანსა და ომანს შორის ჰორმუზის სრუტეში ახალი სატრანზიტო მარშრუტების შესახებ შეთანხმება მიღწეულია და მისი ოფიციალური წარდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება. ინფორმაციას ირანული საინფორმაციო სააგენტო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ამავე ცნობის თანახმად, შეთანხმება მხოლოდ ირანსა და ომანს შორის არის გაფორმებული.

რაც შეეხება დეტალებს, მათ შორის, ახალ საზღვაო მარშრუტებსა და ტრანზიტის წესებს - სააგენტოს ინფორმაციით, ეს ომანში სპარსეთის ყურის მოსაზღვრე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით დაგეგმილ შეხვედრაზე გახდება ცნობილი.

როგორც მედია წერს, ირანსა და ომანს შორის მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტეში ახალი შესასვლელი და გასასვლელი მარშრუტების შექმნას ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, სპარსეთის ყურის მიმართულებით მიმავალი მარშრუტი მთლიანად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის და საპირისპირო მიმართულების მარშრუტის ნაწილიც, ასევე ირანის წყლებში იქნება. ამ მარშრუტებზე გადაადგილება კი, ირანის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად განხორციელდება.

ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ დაიხურება სამხრეთის მარშრუტი, რომლის გახსნასაც აშშ მოითხოვდა. სწორედ ამ საკითხს განიხილავდნენ ბოლო პერიოდში ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.