გრენლანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ კუნძული NATO-მ უნდა დაიცვას

გრელანდია

გრენლანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ კუნძული NATO-მ უნდა დაიცვას, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ გააძლიერებენ ძალისხმევას იმის უზრუნველსაყოფად, რომ არქტიკული ტერიტორიის თავდაცვა NATO-ს ეგიდით განხორციელდეს.

„NATO-ს ყველა წევრ სახელმწიფოს, შეერთებული შტატების ჩათვლით, აქვს საერთო ინტერესი გრენლანდიის თავდაცვაში“, – ნათქვამია კუნძულის მთავრობის განცხადებაში, სადაც ხაზგასმულია, რომ ისინი არ დაეთანხმებიან აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცებას.

„დანიის თანამეგობრობის ნაწილის სახით, გრენლანდია NATO-ს წევრია და ამიტომ გრენლანდიის თავდაცვა უნდა განხორციელდეს NATO-ს მეშვეობით“, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ტრამპმა პირველად გრენლანდიის შეძენის სურვილი 2019 წელს, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გამოთქვა. თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ კი აღნიშნულ საკითხს დაუბრუნდა. 3 იანვარს ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა აქტიურად დაიწყო საუბარი გრენლანდიის კონტროლის სურვილზე. თეთრი სახლის პრესსპიკერმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი და მისი მრჩევლები გრენლანდიის შეძენის რამდენიმე ვარიანტს განიხილავენ. საპასუხოდ, დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის ძალისმიერი ანექსიის შემთხვევა NATO-ს დასასრული იქნება.