გრენლანდია არ იყიდება - იენს-ფრედერიკ ნილსენი

იენს-ფრედერიკ ნილსენი

გრენლანდია არ იყიდება, - ამის შესახებ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა.

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ჯეფ ლენდრი ქალაქ ნუუკში გრენლანდიის პრემიერ-მინისტრს, იენს-ფრედერიკ ნილსენს და საგარეო საქმეთა მინისტრს, მუტე ეგედეს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა, იენს-ფრედერიკ ნილსენმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებში პროგრესი არსებობს, თუმცა გრენლანდია არ იყიდება.

„გვჯერა, რომ პროგრესი არსებობს და გრენლანდიის პოზიციიდან ჩვენი მიზანია ისეთი გადაწყვეტა ვიპოვოთ, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის მისაღები იქნება და რაც მთავარია, გრენლანდიისა და გრენლანდიელი ხალხის ანექსიის, ხელში ჩაგდების ან შესყიდვის საფრთხე არ იქნება“, - განაცხადა ნილსენმა.

ამასთან, გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მუტე ეგედემ აღნიშნა, რომ „ამერიკელების საწყისი პოზიცია არ შეცვლილა“.

„ჩვენ საკუთარი წითელი ხაზი გვაქვს. გრენლანდიას არ გავყიდით“, - აღნიშნა გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.