Google-ს კონკურენტი გამოუჩნდა - ბრაუზერი ChatGPT Atlas უკვე ამუშავდა

ჩატჯიბიტი

 კომპანია OpenAI-ს მიერ ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე შექმნილი ბრაუზერი, სახელად ChatGPT Atlas, ოფიციალურად ამუშავდა. ეს სიახლე პირდაპირი ტრანსლაციის მეშვეობით წარადგინეს.

პოპულარულ საძიებო სისტემა Google-ს მისი სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა. ეს ყველაფერი ჯერ კიდევ ჩატბოტ ChatGPT-ით დაიწყო, რომელმაც ბევრი ადამიანისთვის ინფორმაციის მოძიების მხრივ Google უკვე ჩაანაცვლა. ახლა კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდა, რადგან მომხმარებლები AI პროგრამას ამიერიდან პირდაპირ ბრაუზერის სახითაც გამოიყენებენ.

როგორც ცნობილია, ChatGPT Atlas უკვე გლობალურადაა ხელმისაწვდომი, თუმცა ჯერჯერობით მისით სარგებლობა მხოლოდ macOS-ის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე მოწყობილობების მფლობელებს შეეძლებათ. კომპანიის ინფორმაციით, იგი Windows-ის, iOS-ისა და Android-ის მომხმარებლებისთვისაც მალე გახდება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება აგენტის რეჟიმს, მისი გამოყენება ამ ეტაპზე ChatGPT Plus-ისა და Pro-ს გამომწერებისთვისაა შესაძლებელი.

 კომპანიაში ამბობენ, რომ ახალი ბრაუზერის ერთ-ერთი საუკეთესო მახასიათებელი მისი მეხსიერებაა, რისი მეშვეობითაც ის მეტად პერსონალიზებულია და უფრო ეფექტიანად დახმარება შეუძლია. მეორე უპირატესობად აგენტის რეჟიმს ასახელებენ, რაც ნიშნავს, რომ საძიებო სისტემაში ChatGPT თქვენ მაგივრად იმოქმედებს (რა თქმა უნდა, სურვილისამებრ), მაგალითად: ჯავშნებს გააკეთებს, დოკუმენტებს დაარედაქტირებს და ა.შ. ეს ყველაფერი მეხსიერებაში შეინახება, რომლის გაკონტროლებაც პარამეტრებიდანაა შესაძლებელი. ასევე, ხელმისაწვდომია ინკოგნიტო ფანჯარაც.

Atlas-ის გამოყენებისას შედეგებში არსებულ ბმულზე გადასვლისას ორად გაყოფილი ეკრანი გამოჩნდება: ერთში ვებგვერდი იქნება, მეორეში კი — ChatGPT-ს ტრანსკრიპტი. მიზანი ისაა, რომ AI "დამხმარე" ყოველთვის თქვენ გვერდით იყოს. ამის მიუხედავად, აღნიშნული რეჟიმის გამორთვა ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი; ახალი ბრაუზერი ვებგვერდების შესახებ ინფორმაციასაც შეგიჯამებთ; ის იმეილიდან ტექსტის არჩევასაც შეძლებს და წინადადებებს დააწყობს. ამ ფუნქციას "კურსორ ჩატი" ეწოდება.

კონკურენციას რომ დავუბრუნდეთ, უნდა აღინიშნოს, რომ Google საკუთარ ბრაუზერში Gemini AI-ს უფრო ღრმად ინტეგრირებას გეგმავს. ასევე, კომპანია აპირებს, რომ თავის ხელოვნურ ინტელექტს საშუალება მისცეს, რუტინული მოქმედებები თქვენ ნაცვლად შეასრულოს. ამ ფუნქციის გააქტიურების კონკრეტული თარიღი უცნობია, მაგრამ ის, ალბათ მომდევნო თვეებში ჩაეშვება.

იხილეთ OpenAI-ს პირდაპირი ტრანსლაციის ჩანაწერი: