1788283723
გერმანიის მთავრობამ რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში ჰიბრიდულ თავდასხმაში დაადანაშაულა
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტის გამოძიების შედეგები წარადგინეს.
5 აგვისტოს ღამეს აეროპორტში, უკრაინული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის მახლობლად, ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადა, „ჰიბრიდული თავდასხმის“ შემსრულებლები და ორგანიზატორები „რუსეთის სახელმწიფო სტრუქტურების დაკვეთით“ მოქმედებდნენ.
„პოლიციის გამოძიება, დანაშაულის ხასიათი და დაზვერვის მონაცემები ერთობლივად ადასტურებს რუსეთის პასუხისმგებლობას ლაიფციგის აეროპორტში დარტყმის მცდელობაზე“, - აღნიშნა მან.
„ჩვენ გამოვდივართ იმ დაშვებიდან, რომ გერმანია რუსეთის შემდგომი ჰიბრიდული თავდასხმების სამიზნეა“, - დასძინა დობრინდტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს აქვს „მზაობა, მიაყენოს [გერმანიას] უფრო სერიოზული ზიანი“.
საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმაც წამოაყენა ბრალდებები რუსეთისა და ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ: „რუსეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, კიდევ უფრო არსებითად გააუარესოს ჩვენი ისედაც უკიდურესად დაძაბული ურთიერთობები“.
ვადეფულმა ასევე დაადასტურა გერმანიის სოლიდარობა უკრაინის მიმართ და მზადყოფნა, დაიცვას თავი „იმ მოწინააღმდეგეებისგან, რომელთაც გაურკვევლობისა და უნდობლობის დათესვა სურთ“.
მისი თქმით, მთავრობა გაართულებს გერმანიასა და ევროპაში რუსეთის მიერ შემდგომი ჰიბრიდული ოპერაციების განხორციელებას.









