ეთიოპიაში მომაკვდინებელი ვირუსი ვრცელდება - Guardian
1763490912
ევროკავშირის გაფართოება მშვიდობის არჩევანზე მეტია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებასა და თავისუფლებაში, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის გაფართოების ფორუმის გახსნაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, დაარსების დღიდან ევროკავშირი მშვიდობის პროექტი იყო.
„ეს არის ძაფი, რომელიც აკავშირებს ჩვენს წევრ სახელმწიფოებს და წარმართავს ჩვენი ინტეგრაციის თითოეულ ნაბიჯს, თუმცა გეოპოლიტიკური გაურკვევლობის დროს გაფართოება მშვიდობის არჩევანზე მეტია. ეს არის ინვესტიცია ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებასა და თავისუფლებაში, რადგან ისტორიამ გვასწავლა, რომ როდესაც ევროპა ერთიანია, ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.
ფორუმის მონაწილეებისადმი ვიდეომიმართვისას ურსულა ფონ დერ ლაიენმა ისაუბრა იმ სიკეთეებზე, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა უზრუნველყოფს.
„თებერვალში ვიმყოფებოდი უკრაინაში, ივლისში – მოლდოვაში, ხოლო ოქტომბერში – დასავლეთ ბალკანეთში. თითოეული მოგზაურობა ოპტიმიზმით მავსებდა. შევხვდი მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების, ბიზნესის წარმომადგენლებს, ლიდერებს და დავინახე მათი იმედი ევროპული მომავლის მიმართ. რა თქმა უნდა, ევროპული წევრობისკენ გზა რთულია. ეს მოითხოვს მრავალ რეფორმას და ჩვენს კანონმდებლობასთან შესაბამისობას, თუმცა სარგებელი ბევრია. ქვეყნებმა, რომლებიც გაფართოების ბოლო ტალღის დროს შეურთდნენ ევროკავშირს, განიცადეს წარმოუდგენელი ეკონომიკური ზრდა, ცხოვრების დონე გაუმჯობესდა, უმუშევრობა თითქმის განახევრდა, სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ ოთხი წლით გაიზარდა და შეიქმნა ექვსი მილიონი ახალი სამუშაო ადგილი. იგივე მოხდება შემდეგი გაფართოების პროცესთან დაკავშირებითაც, მაგრამ ჩვენ გვინდოდა წინსვლა ახლა უკვე ზოგიერთ პოზიტიურ შედეგთან დაკავშირებით და ეს არის ჩვენი ზრდის გეგმების ნაწილი.
გაფართოების ქვეყნები ახორციელებენ ძირითად რეფორმებს, რათა უზრუნველყონ თანაბარი პირობები ჩვენი კავშირის ერთიან ბაზარზე და, სანაცვლოდ, ევროპა ხსნის ერთიანი ბაზრის სექტორებს. ეს ყველაფერი შერწყმულია მნიშვნელოვან ინვესტიციებთან. ჩვენ ვრთავთ ადგილობრივ სტრატეგიულ ინდუსტრიებს მიწოდების ევროპულ ჯაჭვებში. ერთად ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვზრდით ცოდნას, გამოცდილებას. ვდებთ ინვესტიციებს ისეთ სასიცოცხლო კავშირებში, როგორებიცაა ტრანსსასაზღვრო ტრანსპორტი და სუფთა, განახლებადი იაფი ენერგორესურსები, რათა უზრუნველვყოთ საიმედო ადგილობრივი ენერგომომარაგება. არის კიდევ მეტი სარგებელი, როგორებიცაა ევროკავშირში სატელეფონო ზარებისთვის როუმინგის საფასურის გაუქმება ან ევროპის გადახდის ერთიან სივრცეზე (SEPA) წვდომა, რათა კომპანიებმა შეძლონ თავიანთი ფულის გაგზავნა კავშირში და კავშირიდან მნიშვნელოვნად შემცირებული ხარჯებით. ეს დაზოგავს მილიონობით ევროს ყოველწლიურად და სწორედ ასე ჩვენ ვაშენებთ საერთო კეთილდღეობის ევროპას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროპა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კავშირი.
„გაფართოება არის მოგზაურობა, რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ, ყველას, გვაქვს საერთო ისტორია, კულტურა და გამოწვევები, ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდებისა და კანდიდატი ქვეყნების, ასევე წევრი სახელმწიფოების მისწრაფებას, იცხოვრონ ერთ ევროპულ კავშირში. მათ სურთ, ისარგებლონ შესაძლებლობებით და ისიამოვნონ იმ თავისუფლებით, რომელსაც წევრობა იძლევა. მათ სურთ, იცხოვრონ უფრო ძლიერ, აყვავებულ და გაერთიანებულ ევროპაში, რადგან ევროპა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კავშირი. ეს ჩვენი სახლია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა