„გასული თვის განმავლობაში ლიბანმა რამდენჯერმე მოგვმართა პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა“ - ბენიამინ ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელს ლიბანთან ნამდვილი სამშვიდობო ხელშეკრულების დადება სურს და მათი მთავარი მოთხოვნა "ჰეზბოლას" განიარაღებაა.

ისრაელისა და ლიბანის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები 14 აპრილს ვაშინგტონში გაიმართება. ზუსტად რა საკითხებს განიხილავენ მხარეები შეხვედრის ფარგლებში, ამ ეტაპზე უცნობია.

"გასული თვის განმავლობაში ლიბანმა რამდენჯერმე მოგვმართა პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების თხოვნით. ჩვენს ისტორიაში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. დავთანხმდი ორი პირობით: ჩვენ გვსურს "ჰეზბოლას" განიარაღება და ნამდვილი, მყარი სამშვიდობო პაქტი. კამპანია ჯერ არ დასრულებულა, თუმცა შეგვიძლია მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ისტორიულ მაქსიმუმს მივაღწიეთ. მინდა შეგახსენოთ, სად ვიყავით მანამდე - "ჰამასი" ღაზაში, "ჰეზბოლა" ლიბანში, ასადის რეჟიმი სირიაში, დაჯგუფებები ერაყში, ჰუსიტები იემენში და თავად ირანი - ყველა ჩვენს დახრჩობას ცდილობდა. მაგრამ პირიქით მოხდა - ჩვენ დავახრჩვეთ ისინი. ვინც განადგურებით გვემუქრებოდა, ახლა გადარჩენისთვის იბრძვის. მათზე დიდი გავლენა მოვახდინეთ და კიდევ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი", - აცხადებს ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ.