გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე მსუქანი ადამიანი - ის 600 კილოგრამს იწონიდა

სასწორი

მექსიკაში 41 წლის ასაკში გარდაიცვალა მსოფლიოში ყველაზე მძიმეწონიანი მამაკაცი, ხუან პედრო ფრანკო, რომლის წონა გარკვეულ წლებში დაახლოებით 600 კილოგრამს აღწევდა. ამის შესახებ Daily Mail იუწყება.

ფრანკო 24 დეკემბერს გარდაიცვალა ცენტრალურ მექსიკაში მდებარე საავადმყოფოში. მისმა მკურნალმა ექიმმა, ხოსე ანტონიო კასტანედამ დაადასტურა, რომ პაციენტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა ინფექციის ფონზე განვითარებული სისტემური გართულებების გამო.

მსოფლიო მასშტაბით ფრანკო ცნობილი 2017 წელს გახდა, როდესაც გინესის რეკორდების წიგნმა იგი ყველაზე მძიმე ცოცხალ ადამიანად აღიარა. იმ პერიოდში მისი წონა დაახლოებით 600 კილოგრამი იყო, რის გამოც ის პრაქტიკულად სრულად იყო საწოლს მიჯაჭვული.

შემდგომში მან დაიწყო ინტენსიური მკურნალობა, რომელიც მოიცავდა ხმელთაშუაზღვისპირეთის დიეტას და ორ ბარიატრიულ ოპერაციას. ამან მას საშუალება მისცა, წონა თითქმის ორჯერ შეემცირებინა და კვლავ დამოუკიდებლად გადაადგილება დაეწყო. მიუხედავად მნიშვნელოვანი პროგრესისა, ხანგრძლივმა ავადმყოფობამ მისი იმუნური სისტემა ძალიან დაუცველი გახადა.