გაფიცვის გამო ბელგიის ორ მთავარ აეროპორტში ყველა რეისი გაუქმდა

ბელგია

ბელგიის საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების დაუგეგმავი გაფიცვის გამო ბრიუსელისა და შარლერუას აეროპორტებში ყველა გამგზავრება და ჩამოსვლა დღეს, შუადღის შემდეგ გაუქმდა.

ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებლის, VRT-ს ცნობით, გაფიცვა აეროპორტებში მომსახურების ახალი ციფრული კონტროლის ცენტრის შესახებ მენეჯმენტსა და პროფკავშირებს შორის უთანხმოებამ გამოიწვია.

ბრიუსელის აეროპორტის განცხადებით, დღის 2 საათიდან საღამოს 7 საათამდე დაგეგმილი ათობით რეისი გაუქმდა.

ამასთან, Ryanair-მა განაცხადა, რომ გაფიცვის შედეგად კომპანიის 100 რეისი გაუქმდა, რამაც თითქმის 20 000 მგზავრზე იმოქმედა.