საჯარო სკოლებში დამრიგებლებისთვის განსაზღვრული დანამატი გაორმაგდება - კიდევ ვის გაეზრდება ხელფასი
1794244120
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ ის დაბლოკავს ევროკავშირის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტს, თუ ბლოკის ყველა წევრი სახელმწიფო არ აიღებს ვალდებულებას, უკრაინას 2027 წელს და შემდგომში ფინანსური დახმარება გაუწიონ, – ამის შესახებ „ფაინენშელ თაიმსი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტასადმი გაგზავნილ წერილში, მერცმა გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირის 2028-2034 წლების ბიუჯეტისთვის იმ პირობით დაადო, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა დათანხმდება უკრაინისთვის დაფინანსების გამოყოფას.
„ჩვენი ყველა წევრის, გამონაკლისის გარეშე, კოლექტიური ვალდებულებაა, სამართლიანი წვლილი შევიტანოთ უკრაინის ფინანსური დეფიციტის დაფარვაში. ეს არის წინაპირობა საკითხის გადასაჭრელად და ნებისმიერი სხვა საკითხის განსახილველად, განსაკუთრებით ფინანსური შედეგების მქონე საკითხების განხილვისას“, – წერს მერცი.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანია ევროკავშირის ბიუჯეტის ყველაზე დიდი კონტრიბუტორია, ბიუჯეტის მოლაპარაკებების დროს გერმანიის ფინანსური გავლენის გამოყენებით კი, მერცი ცდილობს კიევისთვის დაფინანსების უზრუნველყოფას როგორც მომავალ წელს, ასევე შემდგომში.
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით იტალიასა და პოლონეთში მოახლოებულმა არჩევნებმა შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს უკრაინის დაფინანსებასთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა.
ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფაზე. თუმცა, რუსული აგრესიის მასშტაბის გამო, კიევმა განაცხადა, რომ მომავალ წელს მას დამატებით 70 მილიარდი ევროს დაფინანსება დასჭირდება. ბრიუსელი კიევს ამ თანხის ორი მესამედის, დაახლოებით 45 მილიარდი ევროს დაფარვას დაჰპირდა. ბრიუსელი იმედოვნებს, რომ ლიდერები წლის ბოლომდე შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა, ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, უნგრეთმა, სლოვაკეთმა, ბულგარეთმა და ჩეხეთის რესპუბლიკამ ნათლად განაცხადეს, რომ ისინი არ შეიტანენ წვლილს კიევის შემდგომ ფინანსურ დახმარებაში.