Ford-ის ქარხანაში სტუმრობისას დონალდ ტრამპმა ქარხნის თანამშრომელს უცენზურო სიტყვებით მიმართა

ტრამპი

Ford-ის ქარხანაში ვიზიტის დროს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სკანდალში გაეხვია. მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ქარხნის თანამშრომელს შეაგინა და შუა თითი აჩვენა. მათივე ინფორმაციით, ქარხანის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აშშ-ის პრეზიდენტს „პედოფილების დამცველი“ უწოდა. ტრამპმა კი, ყოყმანის გარეშე, უხეშად უთხრა მამაკაცს, გაჩუმებულიყო, შემდეგ კი მას შეაგინა და შუა თითი აჩვენა.

მოგვიანებით ინციდენტს თეთრი სახლი გამოეხმაურა. თეთრი სახლის კომუნიკაციების დირექტორმა, სტივენ ჩუნგმა ქარხნის თანამშრომელს „გიჟი“ უწოდა.

„გიჟი კაცი, გაბრაზებული, უცენზურო სიტყვებს ყვიროდა, პრეზიდენტმა სათანადოდ და ცალსახად უპასუხა“, – განაცხადა მან.

როგორც ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, თანამშრომელი, სავარაუდოდ, ტრამპის ჯეფრი ეპშტეინთან ურთიერთობას გულისხმობდა.

ცნობისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები 2025 წლის 19 და 23 დეკემბერს გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ფოტოებში ფიგურირებენ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, მომღერალი მიკ ჯაგერი, მსახიობი კევინ სპეისი, ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი, მომღერალი, მსახიობი დაიანა როსი და ბიზნესმენი რიჩარდ ბრენსონი, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი. ამასთან, საქმის მორიგი მასალების გამოქვეყნების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპი ეპშტეინს იმაზე ხშირად სტუმრობდა, ვიდრე აქამდე იყო ცნობილი. კერძოდ, 1993-1996 წლებში ტრამპი ეპშტეინს კერძო თვითმფრინავით, სულ მცირე, რვაჯერ ესტუმრა.