Financial Times: მართლაც არსებობს დაძაბულობა ტრამპის ადმინისტრაციასა და ბალტიელ მოკავშირეებს შორის - ვაშინგტონში ისმის უკმაყოფილება „ევროპის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაციასთან“ დაკავშირებით

 FT

რამდენად არის ნატო ბალტიისპირეთის ქვეყნების თავდაცვისადმი ერთგული? სწორედ ეს შეკითხვა დასვა ვლადიმირ პუტინმა ირიბად, როდესაც რუსულმა გამანადგურებლებმა გასულ კვირას ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times.

სტატიის ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ნატოს ოფიციალური პოზიცია ცალსახაა - ალიანსი დაიცავს თავისი ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს.

„ნატო მიმდინარე კვირის ბოლოს განიხილავს, როგორ უპასუხოს ესტონეთის ინციდენტს. ალიანსის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ მომავალში ნატომ უნდა ჩამოაგდოს რუსული თვითმფრინავები, რომლებიც ალიანსის საჰაერო სივრცეს დაარღვევენ. მაგრამ სხვები, განსაკუთრებით კი აშშ-ში, ფიქრობენ, რომ ეს საშიში ესკალაცია იქნება“, - აღნიშნულია სტატიაში.

„კრემლის საბოლოო მიზანია დაამტკიცოს, რომ ნატოს მეხუთე მუხლის გარანტია უსარგებლოა. თუ რუსები ამას შეძლებენ, მაშინ მათ შეიძლება სცადონ მცირე ევროპული სახელმწიფოების განადგურება - ისე, რომ ნატოს გაერთიანებულ ძალას არასდროს დაუპირისპირდნენ“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში აღნიშნულია, რომ „ვაშინგტონის პასუხის შესახებ გაურკვევლობა მოსკოვისთვის გამოცდის მთავარი მიზეზია“.

„თუ რუსები ოდესმე განახორციელებენ დიდ შეჭრას ესტონეთში ან ნატოს სხვა წევრ ქვეყანაში, გაუგებარია, როგორ მოიქცევა დონალდ ტრამპი“, - აღნიშნულია სტატიაში.

„ზედაპირქვეშ მართლაც არსებობს დაძაბულობა ტრამპის ადმინისტრაციასა და მის ბალტიელ მოკავშირეებს შორის. ვაშინგტონში მსმენია უკმაყოფილება „ევროპის საგარეო პოლიტიკის ესტონიზაციის“ შესახებ - რაც მიუთითებს იმაზე, რომ კაია კალასი, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი, ესტონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ტრამპის ადმინისტრაციის ნაწილში ბალტიისპირელები განიხილებიან, როგორც საშიშად აგრესიულები პუტინის მიმართ დამოკიდებულებაში. პენტაგონის ბოლო მაღალი დონის შეხვედრაზე ბალტიისპირელი ოფიციალური პირები დაადანაშაულეს რუსეთისადმი დაპირისპირების „იდეოლოგიურ“ მიდგომაში“, - წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ყველაზე დიდი ევროპული ქვეყნები ბევრად უფრო თანმიმდევრულები არიან რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის ხაზგასმაში, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაცია, თუმცა, ისინი ასევე ძალიან ნერვიულობენ იმის გამო, რომ რუსეთს უშუალოდ აშშ-ს გარეშე დაუპირისპირდნენ.

„ნატოს ქვეყნების მზადყოფნის გამოცდა, დაიცვან ალიანსის აღმოსავლეთ საზღვარი, პუტინისთვის დაუფიქრებელი რისკი იქნებოდა. სამწუხაროდ, როგორც მსოფლიომ 2022 წელს რუსული ძალების კიევისკენ წინსვლისას აღმოაჩინა, პუტინს დაუფიქრებელი რისკების უნარი ნამდვილად შესწევს“, - დასძინა სტატიის ავტორმა.