ევროპარლამენტარების წერილი: ჩვენ მოვუწოდებთ ფიფას, დადგეს მშვიდობის მხარეს და არ წაახალისოს აგრესორი - რუსეთი

ჯანი ინფანტინო

ევროპარლამენტის 44 წევრი მოუწოდებს ფიფას პრეზიდენტს, ჯანი ინფანტინოს, გააუქმოს გადაწყვეტილება, რომელიც რუს სპორტსმენებს აზერბაიჯანში დაგეგმილ 15-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის საშუალებას აძლევს.

ისინი აცხადებენ, რომ რუსეთს ფიფას ტურნირებზე მონაწილეობის უფლება მანამდე არ უნდა აღუდგეს, სანამ ის არ დაიწყებს სამშვიდობო მოლაპარაკებებს უკრაინასთან, არ შეწყვეტს ცეცხლს და არ დათანხმდება უკრაინის ტერიტორიებიდან გატაცებული ბავშვების დაბრუნებას.

POLITICO-ს მიერ მოპოვებულ წერილში კანონმდებლები აკრიტიკებენ ფეხბურთის მმართველ მსოფლიო ორგანოს იმის გამო, რომ მან უგულებელყო, მათი სიტყვებით, „დაახლოებით 20 000 უკრაინელი ბავშვი, რომლებიც პუტინის რეჟიმმა ძალადობრივად გაიტაცა და დააშორა ოჯახებს“.

„ჩვენ მოვუწოდებთ ფიფას, დადგეს მშვიდობის მხარეს და არ წაახალისოს აგრესორი - რუსეთი“, - ნათქვამია წერილში.

ევროპელი კანონმდებლები ამტკიცებენ, რომ რუსეთის მონაწილეობამ შესაძლოა სხვა წევრ ქვეყნებს ჩემპიონატის ბოიკოტირებისკენ უბიძგოს, რასაც ისინი „სავსებით გასაგებ“ პოზიციას უწოდებენ.

მათი აზრით, ეს „ზიანს მიაყენებს ფიფას სპორტულ ღონისძიებებს, სადაც პრინციპი, რომ იმარჯვებს საუკეთესო გუნდი, აღარ იქნება განმსაზღვრელი“.