ევროკომისიის პრეზიდენტი: ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დადგენა შეუძლებელია

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების კონკრეტული თარიღის დადგენა შეუძლებელია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ჟურნალისტების კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 2027 წლამდე, ევროკომისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ კიევი წევრობისკენ მიმავალ „კარგ გზაზეა“.

„უნდა ვთქვა, რომ უკრაინა არაჩვეულებრივ წარმატებებს ავლენს აუცილებელი რეფორმების გატარების ტემპში. ეს რთული რეფორმებია, არცთუ ადვილი. საჭიროა ბევრი ადამიანის დარწმუნება მათ მხარდასაჭერად, ქვეყნის მოდერნიზება. და ძალიან შთამბეჭდავია ის უზარმაზარი პროგრესი, რომელსაც უკრაინა აღწევს, მიუხედავად გადარჩენისთვის მიმდინარე ომისა“, - უპასუხა ფონ დერ ლაიენმა.

მან დასძინა, რომ ევროკავშირი კვლავაც წაახალისებს უკრაინას სწრაფი რეფორმებისკენ წევრობისკენ მიმავალ გზაზე. თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხში თარიღების დადგენა შეუძლებელია.

„ძალიან კარგად მესმის, რომ თქვენთვის მკაფიო თარიღიც მნიშვნელოვანია. თარიღი, რომელიც თქვენ დათქვით, არის თქვენი ორიენტირი, რომლის დაცვაც გსურთ. თქვენ იცით, რომ ჩვენი მხრიდან თავად თარიღების დასახელება შეუძლებელია. თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა თქვენი მიზნის მიღწევაში აბსოლუტურად აშკარაა“, - განაცხადა მან.