ევროკომისიაში აცხადებენ, რომ მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო, ევროკავშირის სასამართლოში უნგრეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს

ევროკომისია

ევროკომისიამ უნგრეთის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება არალეგალი მიგრანტების შესახებ კანონდარღვევას. ევროკავშირში მიაჩნიათ, რომ უნგრეთი არ ასრულებს მის ვალდებულებას, რომელიც ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს იმ კანონდამრღვევი პირების მიმართ, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე უკანონო გადაყვანებს აწარმოებენ.

ამის ნაცვლად, უნგრეთში 2023 წელს მიიღეს დადგენილება, რომელიც სისხლის სამართლის პასუხისგებისგან ათავისუფლებს იმ კანონდამრღვევ პირებს, რომლებიც ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალი მიგრანტების უკანონო გადაყვანაში იღებენ მონაწილეობას. უნგრეთი ასეთ მსჯავრდებულებს პატიმრობის ნაცვლად ციხიდან ათავისუფლებს და ქვეყნის დასატოვებლად 72 საათს აძლევს. ევროკომისიაში მიაჩნიათ, რომ ასეთი დადგენილება ძირს უთხრის ევროკავშირის დირექტივასა და ძალისხმევას, რომელიც მიმართულია უკანონო გადაყვანების წინააღმდეგ ბრძოლაზე.

„დღეს ევროკომისიამ გადაწყვიტა უნგრეთის წინააღმდეგ საქმე ევროკავშირის სასამართლოს გადასცეს მიგრანტების უკანონო გადაყვანის შესახებ ევროკავშირის კანონმდებლობის დარღვევის გამო“, – განაცხადა ევროკომისიის წარმომადგენელმა.