ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები წარადგინა, ინიციატივა ევროპულმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს

ევროკომისია

ევროკომისიამ ისრაელის წინააღმდეგ სანქციები წარადგინა ღაზაში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესების, სამხედრო ოპერაციის გააქტიურებისა და დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების შენების გეგმის შესრულების გაგრძელების გამო.

სანქციები ითვალისწინებს ისრაელსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ვაჭრობასთან დაკავშირებული დებულების შეჩერებას, ასევე ექსტრემისტი მინისტრებისთვის, დასავლეთ სანაპიროზე მოძალადე ახალმოსახლეების და „ჰამასის“ წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესებას.

ევროკომისია ასევე აჩერებს ისრაელის მიმართ ორმხრივ მხარდაჭერას, სამოქალაქო საზოგადოებისა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მუზეუმის, იად ვაშემის მხარდაჭერის გარდა. ეს ეხება 2025-2027 წლის დახმარებას, ასევე თანამშრომლობის მიმდინარე პროექტებს და ევროკავშირი-ისრაელის რეგიონული თანამშრომლობის ფონდის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტებს.

ევროკომისიის მიერ ინიციატივის წარდგენა მოხდა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა შეისწავლა ისრაელის მიერ ასოცირების შეთანხმების მეორე მუხლის პირობების დაკმაყოფილება და დაადგინა, რომ ისრაელის მთავრობის ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული პრინციპების დარღვევას.  ეს ევროკავშირს ანიჭებს უფლებას, შეთანხმება ცალხმრივად შეაჩეროს.

ასოცირების შეთახმების სავაჭრო დებულებების შეჩერების გადაწყვეტილება საბოლოოდ ევროკავშირის საბჭომ უნდა მიიღოს, რომელსაც ამისთვის ხმათა კვალიფიციური უმრავლესობა სჭირდება.

რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ევროკომისია გამოდის წინადადებით, სანქციები დაუწესდეს ცხრა მინისტრსა და დასავლეთ სანაპიროს ახალმოსახლეს, ასევე „ჰამასის“ პოლიტბიუროს 10 წევრს. პერსონალურ სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭომ გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღოს.