ვაგზლის მოედანზე სახლი ჩამოინგრა - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1752507527
აბსოლუტურად მიუღებელია, რომ 2024 წელს ევროპა რუსეთისგან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე უფრო მეტს ხარჯავდა, ვიდრე უკრაინის დახმარებაზე, – ამის შესახებ ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, დან იორგენსენმა იტალიურ გამოცემა „ლა რეპუბლიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ამასთან, იორგენსენმა აღნიშნა, რომ ევროკომისიის მიზანია, 2027 წელს სრულად თქვას უარი რუსულ ბუნებრივ აირზე.
„წარსულში, 2024 წელს ჩვენ რუსული ბუნებრივი აირის შესაძენად იმაზე მეტს ვხარჯავდით, ვიდრე უკრაინის დასახმარებლად. ეს პარადოქსია. ჩვენ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ იგივე შეცდომა არ დავუშვათ და ერთ ქვეყანაზე დამოკიდებულება მეორეზე დამოკიდებულებით არ ჩავანაცვლოთ. ამიტომ ჩვენ ვახდენთ წყაროების დივერსიფიცირებას. ახლა ჩვენი მთავარი მომწოდებელი ნორვეგიაა, შემდეგ – აშშ და ახლა კმაყოფილი ვართ. მაგრამ იმ პირობებში, როდესაც დამოკიდებული ვართ ბუნებრივი აირის ამ მოწოდებებზე, ჩვენ ვცდილობთ ფასების შემცირებას და ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს აშშ-თან ჩვენთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდაზე. თუმცა, ამას შეზღუდული ვადა აქვს, რადგანაც ჩვენი განზრახვაა, დამოკიდებულება დავძლიოთ განახლებადი ენერგიის წყაროებითა და ბირთვული ენერგიით“, – განაცხადა ევროკომისარმა.
მისივე თქმით, ევროკავშირის მთავარი მიზანია, 2050 წლისთვის სრულად გათავისუფლდეს წიაღისეული ენერგორესურსებისგან.