ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს უახლოეს თვეებში ჩავატარებთ - ისლანდიის პრემიერ-მინისტრი

ისლანდიის პრემიერ-მინისტრი

ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით რეფერენდუმს უახლოეს თვეებში ჩაატარებს,- ამის შესახებ ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტრუნ ფროსტადოტირმა ვარშავაში ვიზიტის დროს განაცხადა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, დონალდ ტუსკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ფროსტადოტირმა განაცხადა, რომ მთავრობას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების თარიღი ჯერ არ დაუდგენია, მაგრამ რეფერენდუმი უახლოეს რამდენიმე თვეში აუცილებლად გაიმართება.

თავის მხრივ, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ სიამოვნებით იხილავდა ისლანდიის ევროკავშირში გაწევრიანებას.

მანამდე, „პოლიტიკომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ისლანდია ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებას აგვისტოში განიხილავს.

ცნობისთვის, ისლანდიამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი 2009 წელს გააკეთა, მაგრამ მოლაპარაკებები ისევ ისლანდიის სურვილით შეჩერდა 2015 წელს. ბოლო გამოკითხვებით, ისლანდიელების 45% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას, 35% კი წინააღმდეგია.