ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მიმართ მოგზაურობის შეზღუდვებს, ასეთი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისა და მეგობრებისთვის - ანტონიუ კოშტა

ანტონიუ კოშტა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა აშშ-ის მიერ ყოფილი ევროკომისრის, ტიერი ბრეტონისთვის და კიდევ ოთხი ევროპელისთვის სავიზო შეზღუდვის დაწესებას ეხმაურება.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, მსგავსი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის.

„ევროკავშირი გმობს აშშ-ის მიერ ევროპელი მოქალაქეებისა და თანამდებობის პირების მიმართ მოგზაურობის შეზღუდვებს. ასეთი ზომები მიუღებელია მოკავშირეებისთვის, პარტნიორებისა და მეგობრებისთვის. ევროკავშირი მტკიცედ იცავს გამოხატვის თავისუფლებას, სამართლიან ციფრულ წესებს და მის მარეგულირებელ სუვერენიტეტს“, – წერს კოშტა.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანი ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონია.

აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.