„სანამ მკითხავთ, კარგ რამეს თუ ვხედავ… გეტყვით!“ - გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1759838397
ევროკავშირი აძლიერებს ზეწოლას ბელგიაზე, რათა რუსული აქტივების გამოყენების საკითხი გადაწყდეს, – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა „ფაინენშალ თაიმსი“ იუწყება.
გამოცემის ცნობით, ევროკავშირი აძლიერებს ზეწოლას, რათა გაყინული რუსული აქტივების გამოყენება შესაძლებელი გახდეს უკრაინისთვის ე.წ. რეპარაციულ სესხად გადასაცემად.
გამოცემის ცნობით, 190 მილიარდი ევროს ღირებულების რუსეთის სუვერენული აქტივები, რომლებიც ბრიუსელში ინახება, 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომის საპასუხოდ გაყინეს.
თავდაპირველად დასავლეთის ბევრი ქვეყანა, კერძოდ აშშ-ი, გერმანია და ბელგია, უარს ამბობდნენ ამ სახსრების გამოყენებაზე, რადგანაც შიშობდნენ, რომ ასეთ ნაბიჯს იურიდიული და ფინანსური შედეგები მოჰყვება, თუმცა ბოლო კვირებში ევროპის პოზიცია შეიცვალა. კერძოდ, „ფაინენშელ თაიმსი“ გაეცნო დოკუმენტებს, რომლებშიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია დიდი შვიდეულის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, მოახდინოს რუსული საბაზისო აქტივების კონფისკაცია ან სხვა ფორმით გამოიყენოს ეს სახსრები უკრაინის თავდაცვის სფეროს დასაფინანსებლად. ამის შემდეგ გერმანიის კანცლერი „ფაინანშელ თაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში წერდა, რომ რუსული გაყინული აქტივებიდან 140 მილიარდი ევრო უნდა იყოს გამოყენებული კრედიტის სახით უკრაინის შეიარაღებისთვის.
ევროკომისიამ ასევე წარმოადგინა გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სტრუქტურულად ასეთი ე.წ. რეპარაციული სესხის გაცემა. თუმცა, ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ბარტ დე ვევერმა სთხოვა ევროკავშირის დანარჩენ წევრებს, ამ ნაბიჯის გადასადგმელად აანაზღაურონ იურიდიული და ფინანსური რისკები, რომ ბელგიას არ მოუწიოს ამ თანხის გადახდა.
ბელგიის ამ პოზიციას ევროპის დედაქალაქებიდან კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბრიუსელში არსებულ რუსულ აქტივებს ერიცხება ბელგიური კორპორატიული გადასახადი.
„ფანენშელ თაიმსთან“ საუბარში ანონიმური წყაროები აცხადებენ, რომ ბელგიის მთავრობის მიმართ ევროკავშირის მოთმინება იწურება.
ევროპის სხვა ქვეყნები მიუთითებენ, რომ უკრაინაში არსებული სიტუაცია მოითხოვს სოლიდარობას და ამის მაგალითად მოჰყავთ პოლონეთი, რომელიც დათანხმდა საკუთარ ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებით მომარაგების მთავარი ცენტრის განლაგებას, ხოლო დანიამ უკრაინას გაუგზავნა „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლები, ვარშავასა და კოპენჰაგენს რისკების განაწილება არ მოუთხოვიათ.
„იოლი გადაწყვეტილებები მეტი აღარ არის. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს ის, რაც შეუძლია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ბელგიას შეზღუდული საფრთხეები ემუქრება“, – უთხრა „ფაინენშელ თაიმსს“ ევროპელმა დიპლომატმა.
როგორც გამოცემა წერს, ევროკავშირი მიისწრაფვის, რომ 140 მილიარდი ევროს ოდენობით კრედიტი დეკემბრამდე იყოს შეთანხმებული. ამის გათვალისწინებით, როგორც მედია წერს, ბელგიის პრემიერ-მინისტრის პოზიციის გამო, ევროპელი ლიდერების ნაწილი ახლახან კოპენჰაგენში გამართულ სამიტზე გაღიზიანებას არ მალავდა. ისინი ასევე ამახვილებდნენ ყურადღებას იმ ფაქტზეც, რომ ბოლო სამ წელიწადში ბელგია გაცილებით ნაკლებად ეხმარებოდა უკრაინას, ვიდრე დანია, შვედეთი და გერმანია. თავის მხრივ, ბელგიაში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის პოზიცია გამართლებულია, რადგანაც ის ეროვნულ ინტერესებს იცავს.
ცნობისთვის, რუსეთი იმუქრება, რომ თუ ევროკავშირი მას გაყინულ აქტივებს ჩამოართმევს, მოსკოვი დასავლური კომპანიების ნაციონალიზაციას დაიწყებს.