2027 წლიდან ხელფასები იზრდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1793994413
საფრანგეთში დემონსტრაციების დროს დაშავებული მოქალაქეების ინტერესების დამცველი იურისტები შინაგან საქმეთა მინისტრის ლორან ნუნიესის წინააღმდეგ სასამართლო დავის დაწყებას გეგმავენ. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ადვოკატები მინისტრს პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტებასა და ისეთი იარაღის გამოყენებაზე პასუხისმგებლობას აკისრებენ, რომელმაც აქციის მონაწილეებს მძიმე და შეუქცევადი დაზიანებები მიაყენა.
6 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ადვოკატმა არიე ალიმიმ განაცხადა, რომ სამართლებრივი დავის მიზანი იქნება მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება იმ იარაღის გამოყენებისთვის, რომელმაც დემონსტრანტები დაასახიჩრა.
„ახლა მიგვაჩნია, რომ აუცილებელია პასუხისმგებლობა დავაკისროთ იმ პირს, ვინც ამ დასახიჩრებისა და მასშტაბური ზიანის უკან დგას - შინაგან საქმეთა მინისტრ ლორან ნუნიესს“, - განაცხადა ალიმიმ.
იურისტები საფრანგეთის რესპუბლიკის იუსტიციის სასამართლოში (CJR) კოლექტიური საჩივრის შეტანას აპირებენ. ეს ერთადერთი ფრანგული სასამართლოა, რომელსაც უფლებამოსილება აქვს, განიხილოს მოქმედი მინისტრების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას შესაძლო ჩადენილი სამართალდარღვევები, წერს ტელეარხი.
ადვოკატები ნუნიესს ისეთი იარაღის გამოყენების ნებართვის გაცემაში ადანაშაულებენ, რომლის შესაძლო შედეგების შესახებაც, მათი მტკიცებით, მინისტრმა იცოდა. მათი შეფასებით, აღნიშნული საშუალებები მუდმივ დაზიანებებს იწვევს და საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად შეუფერებელია.
„ჩვენ კოლექტიურ საჩივარს შევიტანთ რესპუბლიკის იუსტიციის სასამართლოში ბატონი ლორან ნუნიესის წინააღმდეგ იმ ბრძანებების გამო, რომლებიც მან ისეთი იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით გასცა, რომლის დასახიჩრების უნარის შესახებაც იცის“, - განაცხადა ალიმიმ. მისი თქმით, ევროპის სხვა ქვეყნებში ხალხის მასების კონტროლის მიზნით ასეთ იარაღს არ იყენებენ.
კოლექტიურ საჩივართან შეერთებაზე ადვოკატების დაახლოებით 10 კლიენტი უკვე დათანხმდა. მთლიანობაში, იურისტთა ჯგუფი ბოლო კვირებში გამართული დემონსტრაციების დროს დაშავებულ სულ მცირე 18 ადამიანს წარმოადგენს.
როგორც Euronews-ი წერს, სამართლებრივი დავის დაწყების გადაწყვეტილება საფრანგეთში რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე არეულობას მოჰყვა. თავდაპირველად აქციების ფარგლებში საშუალო სკოლების მოსწავლეები სასწავლო დაწესებულებების ბლოკირებას ახორციელებდნენ, მოგვიანებით კი საპროტესტო გამოსვლებმა უფრო ფართო მასშტაბი მიიღო. ამ ფონზე სულ უფრო მეტი კითხვა ჩნდება პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მეთოდებთან დაკავშირებით.
საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტო AFP-ის მონაცემებით, სექტემბრის შუა რიცხვებიდან სულ მცირე 20 ადამიანმა, რომელთა უმეტესობა მოზარდია, მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი პოლიციის მიერ გამოყენებული სპეციალური რეზინის ჭურვების გამშვები მოწყობილობებიდან ნასროლმა ჭურვებმა ან ყუმბარებმა დააზიანა.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე შემთხვევა 17 წლის ბიჭს უკავშირდება, რომელიც 17 ოქტომბერს, სენტ-ეტიენში გამართული დემონსტრაციის დროს დაშავდა. პოლიციის მიერ გამოყენებული ყუმბარის აფეთქების შედეგად მას ხელი მძიმედ დაუზიანდა.