ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“

ხანძარი

ევროპაში ტყის ხანძრების გაზრდილი რისკების, ასევე ესპანეთსა და საფრანგეთში მძიმე ხანძრების ფონზე, ევროკავშირის სააგენტო გამოდის გაფრთხილებით, რომ აგვისტოს დასაწყისში შესაძლოა „მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვეს“.

ევროკავშირის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების კოორდინაციის ცენტრის (ECCR) ხელმძღვანელის, მარია ზუბერის განცხადებით, იზრდება შეშფოთება იმის თაობაზე, რომ უახლოეს დღეებში ახალი ხანძრები გაჩნდება საბერძნეთში, იტალიასა და ცენტრალურ ევროპაში. ამასთან, საფრანგეთისთვის მოკლევადიანი პროგნოზი კვლავ „ძალიან მძიმეა“.

„თუ პორტუგალიასა და ესპანეთში არსებული ხანძრები იმ დროისთვის არ ჩაქრა, მთელი ევროპა ცეცხლში გაეხვევა“, - აღნიშნა ზუბერმა.

ბრიუსელში, ECCR-ის ოპერატიულ ცენტრში ჟურნალისტებთან საუბრისას, ზუბერმა დასძინა, რომ 2026 წელი შესაძლოა ევროპის ისტორიაში ხანძრების მხრივ ყველაზე მასშტაბურ სეზონად იქცეს და შარშანდელი რეკორდიც კი მოხსნას.

მისი განმარტებით, უხვი ნალექით გამოირჩეოდა ზამთარი და გაზაფხული, რამაც მცენარეულობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ზაფხულის მაღალი ტემპერატურისა და სიცხის ფონზე კი ეს უხვი მცენარეული საფარი ცეცხლისთვის იდეალურ საწვავად გადაიქცა.