ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გავლენის ბოროტად გამოყენების ბრალდებით გამოძიება დაიწყო

ხოსე ლუის საპატერო

ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ლუის საპატეროს წინააღმდეგ გავლენის ბოროტად გამოყენებისა და მასთან დაკავშირებული დანაშაულების ბრალდებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ქვეყნის უზენაეს სასამართლოში განაცხადეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მადრიდში საპატეროს ოფისში და კიდევ სამ სხვა ობიექტში ჩხრეკა ჩატარდა.

როგორც ცნობილია, ყოფილ პრემიერ-მინისტრს ჩვენების მისაცემად 2 ივნისს დაიბარებენ.

გამოძიება ე.წ. Plus Ultra-ს საქმეს უკავშირდება, რომელიც ეხება 2021 წელს COVID-19-ის პანდემიის პერიოდში ესპანური ავიაკომპანია Plus Ultra-სთვის 53 მილიონი ევროს სახელმწიფო დახმარების გამოყოფას.

ეს ფინანსური დახმარება სადავო გახდა, რადგანაც კრიტიკოსები ამტკიცებდნენ, რომ Plus Ultra-ს არ ჰქონდა მკაფიო სტრატეგიული მნიშვნელობა, სუსტი ფინანსურ მდგომარეობაში იყო და ვენესუელელ აქციონერებთან იყო დაკავშირებული.

სასამართლო შეამოწმებს, იყო თუ არა აღნიშნული დახმარება სათანადო წესის მიხედვით დამტკიცებული.