ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა უარყო მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ალიანსის წევრებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ ირანთან ომის მიმართ

მარგარიტა რობლესი

ესპანეთის თავდაცვის მინისტრმა, მარგარიტა რობლესმა კატეგორიულად უარყო ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რუტეს განცხადება იმის შესახებ, რომ ალიანსის წევრებს შორის არსებობს „ფართო მხარდაჭერა“ ირანთან ომის მიმართ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

„ესპანეთი არ იზიარებს მის აზრს“, - პირდაპირ განაცხადა რობლესმა ხუთშაბათს დილით, რადიოინტერვიუში.

მისი კომენტარი პასუხი იყო რუტეს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ნატოს მოკავშირეები „პრინციპში, მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი აკეთებს“.

Newsmax-თან ინტერვიუში რუტემ ასევე აღნიშნა, რომ ნატოს წევრები „ხელს უწყობენ იმას, რასაც აშშ ახლა რეგიონში ახორციელებს - ირანის ბირთვული და, რა თქმა უნდა, სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებას“.

მადრიდი ახლო აღმოსავლეთში ესკალაციის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე კრიტიკოსია. მან უარი თქვა, ნება დაერთო აშშ-ისთვის, გამოეყენებინა ესპანეთის ტერიტორიაზე არსებული ერთობლივი სამხედრო ბაზები იერიშების განსახორციელებლად.

ოთხშაბათს, ტელემიმართვისას, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სამართლის პატივისცემა უზენაესი უნდა იყოს და აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა „ომს უარს უცხადებს“.