ესპანეთი უკრაინას 615 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს და 200 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მექანიზმს აამოქმედებს - პედრო სანჩესი

ზელენსი სანჩესი

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მადრიდში, მონკლოას სასახლეში უმასპინძლა.

როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე პედრო სანჩესმა განაცხადა, ესპანეთი უკრაინას 615 მილიონი ევროს ღირებულების დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს და 200 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მექანიზმს აამოქმედებს.

PURL-ის ინიციატივის ფარგლებში კი, ესპანეთი 100 მილიონი ევროს ღირებულების ამერიკულ სამხედრო აღჭურვილობას შეიძენს.

„615 მილიონი ევროს ღირებულების პაკეტთან ერთად, რომელიც ახლახან გაგიზიარეთ, პრეზიდენტ ზელენსკის ვაცნობე, რომ ჩვენი ქვეყანა უკრაინის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით, დღეიდან 200 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების მექანიზმს აამოქმედებს. ვსაუბრობთ, ესპანეთის მიერ 817 მილიონი ევროს მობილიზებაზე, პირველ რიგში უკრაინის არმიის მხარდასაჭერად, რათა დამპყრობლისგან უკრაინის თავისუფლება და ტერიტორიული მთლიანობა, მეორე მხრივ კი, მშვიდობიანი მოსახლეობა დაიცვან და ბოლოს – ინფრასტრუქტურის აღდგენისა და მოდერნიზაციის ხელშესაწყობად, რომელიც პუტინის ნეოიმპერიალიზმის შედეგად დაზიანდა. 615 მილიონიანი პაკეტიდან 100 მილიონი ევრო PURL-ის პროგრამას და შესაბამისად, უკრაინის მიერ მოთხოვნილ, საჭირო აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება, რომელიც მხოლოდ აშშ-ის თავდაცვის ინდუსტრიისგან არის ხელმისაწვდომი,“ – განაცხადა ესპანეთის პრემიერმა ერთობლივ კონფერენციაზე და აღნიშნა, რომ უკრაინა დახმარებას ერთი თვის განმავლობაში მიიღებს.

ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა პედრო სანჩესს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„როდესაც PURL-ის მეშვეობით ვმუშაობთ და ზამთარში შეერთებული შტატებისგან იარაღს ვყიდულობთ, ეს პაკეტი კი ზამთრისთვისაა განკუთვნილი, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ PAC-3-ის რაკეტებზე, რაც ყველაზე დიდ დეფიციტია. ვცდილობთ, გამოვნახოთ თანხები, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემებისთვის, რაკეტებისთვის,“ – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.