„ეს არის ელიტარული და ანტიდემოკრატიული მიდგომა“ - ევროკავშირის ყოფილმა ომბუდსმენმა ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა

ემილი ო'რეილი

ევროკავშირის ყოფილმა ომბუდსმენმა ევროკომისიაში გამჭვირვალობის ნაკლებობა მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

ემილი ო'რეილიმ, რომელიც ევროპის ომბუდსმენის თანამდებობას 2013-2025 წლებში იკავებდა, ორშაბათს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, სადაც მხარი დაუჭირა დემოკრატიის მომხრე ინიციატივას - Democracy27-ს, რომლის წევრიც თავადაც არის.

„წარმოუდგენელია, ამ შენობებში მსხდომი ადამიანები იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ადგენდნენ რეგულაციებს და მთელ იმ ინფორმაციას, რომელსაც ეს გადაწყვეტილებები ეფუძნება, მხოლოდ თავისთვის ინახავდნენ“, - განაცხადა მან POLITICO-ს კითხვის საპასუხოდ. - „ეს არის ელიტარული და ანტიდემოკრატიული მიდგომა“.

ევროკავშირში ომბუდსმენის როლი ევროპულ ინსტიტუტებში გამჭვირვალობის ნორმების დაცვაა. თუმცა, მისი გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და მათი აღსრულება თავად ამ ინსტიტუტების ნებაზეა დამოკიდებული.

ო'რეილიმ, რომელიც წარმოშობით ირლანდიიდან არის და ევროკავშირის პირველი ქალი ომბუდსმენი იყო, აღნიშნა, რომ ხშირად „იმედგაცრუებული“ რჩებოდა იმის გამო, რომ ევროკომისია მისი აპარატის რეკომენდაციების უგულებელყოფას არჩევდა და „კვლავ“ ისე იქცეოდა, თითქოს „ხალხისთვის გარკვეული ინფორმაციის გაზიარება არ შეიძლებოდა“.