ერევნის სასამართლომ სამველ კარაპეტიანს პატიმრობა ერთი თვით გაუხანგრძლივა

სამველ კარაპეტიანი

სომხური წარმომავლობის რუს მილიარდერ სამველ კარაპეტიანს, რომელსაც ხელისუფლების ხელში ჩაგდებისკენ საჯარო მოწოდებებში ედება ბრალი, პატიმრობის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა.

ამგვარად, ის ციხეში 17 ნოემბრამდე დარჩება. სამველ კარაპეტიანი საპატიმროში 18 ივლისიდან იმყოფება.

აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე კარაპეტიანს ბრალი წაუყენეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებაში, რასაც ის სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებით აკეთებდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, კარაპეტიანს შესაძლოა, 6-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაემუქროს.

ცნობისთვის, სამველ კარაპეტიანი ივნისის შუა რიცხვებში დააკავეს, მას შემდეგ, რაც მან სომხეთის ხელისუფლებასა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელთა შორის კონფლიქტში სასულიერო პირებს დაუჭირა მხარი.

კერძოდ, საქმე ეხება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის განცხადებებს, რომლითაც ის სრულიად სომეხთა პატრიარქ გარეგინ მეორეს ცელიბატის წესის დარღვევაში ადანაშაულებდა.

სომხეთის სამოციქულო ეკლესიამ ხელისუფლების ამ ქმედებებს ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანია უწოდა. ეკლესიის მხარდასაჭერად კარაპეტიანმა განაცხადა, რომ „მცირე დაჯგუფება, რომელმაც დაივიწყა სომხეთის ისტორია, თავს დაესხა სომხეთის ეკლესიას და სომეხ ხალხს“. კარაპეტიანი ასევე დაიმუქრა, რომ „ის თავისებურად ჩაერეოდა ეკლესიის საწინააღმდეგო კამპანიაში, თუ პოლიტიკოსებს არაფერი გამოუვათ“.

საპასუხოდ, სომხეთის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ „არავის აქვს უფლება, დაემუქროს სომხეთს“. ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკა ნებისმიერ ასეთ მცდელობას აღკვეთს.

საბოლოოდ, კარაპეტიანს ბრალი დასდეს ხელისუფლების ხელში ჩაგდების შესახებ საჯარო მოწოდებებში და ორი თვით დააკავეს. ფაშინიანმა ასევე პირობა დადო, რომ მოახდენს კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაციას. ეს კომპანია კარაპეტიანის მიერ დაფუძნებულ კომპანია „ტაშირს“ ეკუთვნის. 3 ივლისს სომხეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც საშუალებას იძლევა, კომპანია „სომხეთის ელექტროქსელების“ ნაციონალიზაცია განხორციელდეს.

პარალელურად, სომხეთის საგამოძიებო კომიტეტმა ოპოზიციური მოძრაობა „წმინდა ბრძოლის“ წევრებს, რომელსაც არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი ხელმძღვანელობს, ტერაქტების მომზადებასა და ძალისმიერი გზით ხელისუფლების ხელში ჩაგდებაში დასდო ბრალი. საპასუხოდ, სომხეთის სამოციქულო ეკლესიაში განაცხადეს, რომ მთავრობის ქმედებები პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

კარაპეტიანის გარდა, ზაფხულში სომხეთში დააკავეს არქიეპისკოპოსები, ბაგრატ გალსტანიანი და მიქაელ აჯაპაჰიანი. აგვისტოს ბოლოს გალსტანიანს პატიმრობის ვადა 2 თვით გაუხანგრძლივეს.

შეგახსენებთ, 15 ოქტომბერს ეჩმიაძინის საკათედრო ტაძარმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც დაკავებულია 12 სასულიერო პირი, რაც „სომხეთის ხელისუფლების სისტემური ანტიეკლესიური კამპანიის კიდევ ერთი გამოვლინებაა“.