ერდოღანი აცხადებს, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ცუდ ურთიერთობას არ ნიშნავს

ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ ნატო-ს წევრმა ქვეყნებმა რუსეთთან და უკრაინასთან ურთიერთობისას თურქეთის დიპლომატიური მოდელით უნდა ისარგებლონ. ამის შესახებ ერდოღანმა fox news-ის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა არ ნიშნავს, რომ მას ცუდი ურთიერთობა აქვს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ნატო-ს შეუძლია თურქეთის მოდელის გამოყენება. ვფიქრობ,რომ ნატო-მ უნდა გამოიყენოს თურქეთის მოდელი რუსეთთან და უკრაინასთან მიმართებით. ამ ადგილებში ჩვენ ვმუშაობთ სამშვიდობო მოდელზე და ვფიქრობ, რომ ეს გამოსადეგი იქნება მათთვის“, – აღნიშნა ერდოღანმა.

მისივე თქმით, უკრაინისა და რუსეთის ადამიანური თუ ეკონომიკური დანაკარგები საკმაოდ დიდია, თუმცა უკრაინა ვერ გაუწევს კონკურენციას რუსეთის ეკონომიკას.

„რუსეთს ძალიან სერიოზული დანაკარგები აქვს. უკრაინასაც ძალიან სერიოზული დანაკარგები აქვს, როგორც ადამიანური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით. ჩვენ არ ვისურვებდით, რომ ეს მომხდარიყო. არ ვფიქრობ, რომ ევროპის ეკონომიკა სამუდამოდ შეძლებს უკრაინის დახმარებას. უკრაინა ახლა იტანჯება და ვიმედოვნებ, რომ მათ მიმართ მხარდაჭერა გაგრძელდება. ასევეა აშშ, რომლის მხარდაჭერაც, არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება“, – განაცხადა ერდოღანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, ფიქრობს თუ არა თურქეთის ლიდერი,რომ ომი მალე დასრულდება, ერდოღანმა უარყოფითად უპასუხა.

„არ მჯერა, რომ მალე დასრულდება. არ ვფიქრობ, რომ ეს კარგი ამბავია“, – აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ევროპის პოზიცია თურქეთის მიმართ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა, 50 წელზე მეტია, ნატოს წევრია, ის ევროკავშირში არ მიუღიათ. მისივე თქმით, ეს უსამართლოა.