ემანუელ მაკრონმა კირ სტარმერი „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა

ემანუელ მაკრონი კირ სტარმერი

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „საპატიო ლეგიონის“ ორდენით დააჯილდოვა, რომელიც საფრანგეთის სახელმწიფოს უმაღლესი ჯილდოა.

სტარმერი პირველი მოქმედი ბრიტანელი პრემიერ-მინისტრია, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნული ჯილდო ევროპული უსაფრთხოების სფეროში საფრანგეთთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის გადასცა.

ემანუელ მაკრონის განცხადებით, სტარმერი „საპატიო ლეგიონის“ ორდენით „მსურველთა კოალიციის“ შექმნაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის დაჯილდოვდა.

„მადლობელი ვარ თქვენი პირადი ლიდერობისა და ერთგულებისთვის, რომელიც გამოიჩინეთ არა მხოლოდ თქვენი ქვეყნის, არამედ ევროპისა და უკრაინის უსაფრთხოების, ასევე საფრანგეთ-ბრიტანეთის პარტნიორობის მიმართ. განსაკუთრებულად ვაფასებ თქვენს ღირსებასა და პრინციპულობას“, – განაცხადა მაკრონმა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრებს შორის მხოლოდ უინსტონ ჩერჩილს ჰქონდა მიღებული. იგი ამ ჯილდოთი 1958 წელს, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში გამოვლენილი ლიდერობისა და საფრანგეთთან განსაკუთრებული ურთიერთობისთვის დააჯილდოვეს.