1769629801
ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის აბუ დაბიში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბრისას აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები განიხილეს.
საფრანგეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, რომ „მსურველთა კოალიცია“ აგრძელებს მუშაობას სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის პირობების შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოებას.
„ჩვენ განვიხილეთ გასულ კვირას, აბუ დაბიში დაწყებული მოლაპარაკებების პროგრესი. შევთანხმდით, რომ ევროპელები სრულად უნდა იყვნენ ჩართული იმ დისკუსიებში, რომლებიც მათ პირდაპირ ეხებათ“,- აღნიშნა მაკრონმა.
მაკრონის თქმით, საფრანგეთს მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე.
„ჩვენ ევროპულ დონეზე ახალ სანქციებზე ვმუშაობთ და გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას „ჩრდილოვანი ფლოტის“ საქმიანობის შეზღუდვის მიზნით“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გუშინ, რუსეთის მიერ ხარკოვის რეგიონში, სამგზავრო მატარებელზე თავდასხმა მიუღებელია. მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი გმობს რუსეთის თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
„საფრანგეთის პოზიცია ნათელია: ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება, რათა მან თავი დაიცვას და დაამარცხოს რუსეთის მიერ დაწყებული აგრესიის ომი“,- წერს მაკრონი.
თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბრისას აბუ დაბიში გამართული შეხვედრები და ასევე ახალი შეხვედრები განიხილა, რომლებიც შესაძლოა, მოგვიანებით ჩატარდეს.
„განვიხილეთ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი ენერგეტიკული მდგრადობა. უახლოეს მომავალში უკრაინა საფრანგეთიდან გენერატორებს მიიღებს. წელს ასევე დამატებით მივიღებთ ფრანგულ თვითმფრინავებს, საჰაერო თავდაცვის სისტემებსა და საჰაერო ბომბებს. გმადლობთ!”,- წერს ზელენსკი.











