1789026769
ემანუელ მაკრონი: კოსმოსის საკითხებზე პირველ სამიტზე ვმასპინძლობთ 90-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურებს, ჩვენი კოსმოსური ამბიცია სანდოა, ნებისმიერი ამბიცია თანამშრომლობაზე იქნება აგებული და არა იზოლაციაზე
კოსმოსი შენდება და ყოველთვის შენდებოდა თანამშრომლობის გზით. სწორედ ამიტომ მასპინძლობს საფრანგეთი დღეს პირველ მსოფლიო კოსმოსურ სამიტს, რომელსაც გერმანიასთან ერთად უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კოსმოსის საკითხებზე გამართულ პირველ საერთაშორისო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ემანუელ მაკრონმა მადლობა გადაუხადა სამიტზე დამსწრეებს და აღნიშნა, რომ მათი ყოფნა ბევრ რამეზე მეტყველებს.
„მადლობას ვუხდი აქ დამსწრე ყველა ევროპელს და ევროკომისიის პრეზიდენტს, მათი ყოფნა ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს სამიტი გლობალურია და ჩვენ ვმასპინძლობთ 90-ზე მეტი სახელმწიფოს მეთაურებს, მთავრობის წარმომადგენლებს და კომპანიებს აზიიდან, სპარსეთის ყურიდან, აფრიკიდან და ამერიკიდან, ჩვენს დიდი ხნის ჩრდილოეთამერიკელ პარტნიორებთან ერთად. საფრანგეთს სურს, იყოს კოსმოსური ძალის ახალი თაობის ბუნებრივი პარტნიორი. ჩვენი კოსმოსური ამბიცია სანდოა და ნებისმიერი მომავალი ამბიცია მხოლოდ თანამშრომლობაზე იქნება აგებული და არა იზოლაციაზე. კოსმოსი გლობალურია და მჯერა, რომ ეს არასდროს უნდა დაგვავიწყდეს. მჯერა, გამოწვევებთან გასამკლავებლად აუცილებელია ერთობლივი მმართველობა ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვით. ეს ასევე ამ სამიტის მიზანია. დიახ, ჩვენ გზაჯვარედინზე ვართ და ის ღია უნდა შევინარჩუნოთ. მესამე დეკლარაცია ეხება კოსმოსზე დაფუძნებულ სამეცნიერო მონაცემებს. ჩვენ ვადასტურებთ ამ მონაცემების ხელმისაწვდომობის, ღიაობისა და მთლიანობის პრინციპებს.
ჩვენი ევროპული კოსმოსური პოლიტიკა კვლავ მყიფეა. ჩვენ ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ. საფრანგეთმა ეს გზა აირჩია. ბოლო წლებში ჩვენ გავაგრძელეთ და გავზარდეთ ინვესტიციები ამ სექტორში. ჩვენ გავაგრძელებთ 2030 წლისთვის კოსმოსში 20 მილიარდი ევროს ინვესტირებას, რადგან ეს მუშაობს. ევროპა თუ არ იმუშავებს ერთად, არ იმუშავებს ერთად თავისი მოცულობების უზრუნველსაყოფად, ამ ხილვადობის მოსაპოვებლად და ინსტიტუციური გაშვების უზრუნველსაყოფად, ის ვერ შეძლებს თავისი კონკურენტუნარიანობის გაზრდას. უარს თუ ვიტყვით ჩვენი კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, შანსი არ არის, რბოლაში ჩავერთოთ. ჩვენ უნდა ვიყოთ გონიერები და პროაქტიულები. ამასთან, ღია დავრჩებით საერთაშორისო პარტნიორობისთვის. ევროპელებმა უნდა აიღონ ვალდებულება, ორგანიზება გაუწიონ საკუთარ თავს და ღია დარჩნენ ყველა ჩვენი პარტნიორისთვის, რომლებიც აქ არიან, აფრიკის კონტინენტზე, აზიის კონტინენტზე, ჩვენი ამერიკელი და აზიელი პარტნიორებისთვის, როდესაც მათ სურთ ეს ღია პარტნიორობა“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.












