აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: შავ ზღვაში დრონებით თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის ორი მოქალაქე დაიღუპა, ორი კი დაშავდა

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო

შავ ზღვაში უცხოურ სატვირთო გემ TEDY-ზე, რომლის ეკიპაჟის წევრებს შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებით, ინციდენტი 9 სექტემბერს მოხდა.

„თავდასხმის შედეგად აზერბაიჯანის მოქალაქეები ასლან ალიევი და ასიმ გასიმოვი დაიღუპნენ, იმრან ნოვრუზოვმა და რაუფ ალიევმა კი დაზიანებები მიიღეს. დაშავებულები უკრაინის ქალაქ ჩერნომორსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან და შესაბამისი ქვეყნების უფლებამოსილ უწყებებთან კოორდინირებულად მუშაობს.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში განმარტეს, დაშავებული მოქალაქეების სამედიცინო შემოწმებისა და მკურნალობის დასრულების შემდეგ მათი აზერბაიჯანში დაბრუნებისა და აუცილებელი საკონსულო დახმარების გაწევის, ასევე დაღუპულთა ცხედრების გადმოსვენებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები ტარდება.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების გამო და დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, - დასძინეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ოფიციალური ბაქო კიდევ ერთხელ მოუწოდებს აზერბაიჯანის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ რეგიონებში მოგზაურობისგან, სადაც სამხედრო მოქმედებები მიმდინარეობს ან უსაფრთხოების ვითარება არასტაბილურია, ასევე ასეთ ტერიტორიებზე დასაქმებისგან ან იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, მათ შორის გემებზე, მუშაობისგან, რომლებიც აღნიშნული მარშრუტებით გადაადგილდებიან.