El Pais: ევროპარლამენტი ევროკომისიისგან ბრიუსელში „თალიბანთან“ გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით განმარტებებს მოითხოვს

თალიბანი

არ წყდება აღშფოთება ბრიუსელში ევროკომისიის მიერ სამშაბათს ორგანიზებული იმ შეხვედრის გამო, სადაც „თალიბანის“ დელეგაციასთან მიგრანტების ავღანეთში დეპორტაციის საკითხს განიხილავდნენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais.

შინაგან საქმეთა და მიგრაციის კომისარმა, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა, რომ ამ სადავო შეხვედრისას ისლამისტური რეჟიმის წარმომადგენლებისთვის არანაირი „დათმობა“ არ გაკეთებულა.

თუმცა, თავად „თალიბანის“ წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ საუბარი შეეხო „საკონსულო მომსახურების განახლებას“, როგორც ეს ცოტა ხნის წინ გერმანიამ გააკეთა, ხოლო ევროკავშირის მიღმა, თუმცა ევროპის კონტინენტზე - ნორვეგიამ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ.

ევროპარლამენტართა ჯგუფი, რომელიც კრიტიკულად არის განწყობილი ევროპული აღმასრულებელი ხელისუფლების „დახურულობის“ მიმართ, არ ენდობა მას. ამ უკანასკნელმა მათ არც კი აცნობა შეხვედრის შესახებ.

ისინი ითხოვენ გარანტიებს, რომ ევროკავშირს არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც შესაძლოა რეჟიმის კიდევ უფრო მეტ ლეგიტიმაციას ნიშნავდეს.

ამ მიზნით, ევროპარლამენტის ავღანეთთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, ესპანური წარმოშობის ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, რაკელ გარსია ერმიდა-ვან დერ ვალე ხუთშაბათს ევროკომისიას საპარლამენტო კითხვით მიმართავს. იგი ითხოვს დაუყოვნებლივ განმარტებებს კომისიის როლისა და იმ მოლაპარაკებების შინაარსის შესახებ, რომლებიც ოფიციალურად მხოლოდ „ტექნიკური“ იყო.

თუმცა, როგორც თავად ხაზს უსვამს, ეს შეხვედრა აღქმულია, როგორც „ევროკავშირის ღირებულებების ღალატი“ როგორც ევროპელი მოქალაქეების, ისე ემიგრაციაში მყოფი ავღანური საზოგადოების მხრიდან.