დილით თუ შენიშნავთ, რომ ბალიში ნერწყვით არის სველი... - ექიმის გაფრთხილება
1773496865
ყაზახეთის ახალი კონსტიტუციის მიღებას რესპუბლიკური რეფერენდუმის მონაწილეთა 86,7%-მა დაუჭირა მხარი. მონაცემებს ევრაზიული ინტეგრაციის ინსტიტუტის ეგზიტპოლზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.
კომპლექსური სოციალური კვლევების ინსტიტუტის (ასტანა „სოცის-ა“) გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალ კონსტიტუციას მხარი მისცა ამომრჩეველთა 87,4%-მა. საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტის ეგზიტპოლის მონაცემებით კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალია - 88,6%.
რეფერენდუმის ცენტრალურ კომისიაში განაცხადეს, რომ აქტივობამ 73,24% შეადგინა. რეფერენდუმის ოფიციალური შედეგები ჯერჯერობით გამოცხადებული არ არის.
რეფერენდუმის დასრულებიდან მალევე, ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ ტოკაევმა განაცხადა, რომ კენჭისყრამ უმაღლეს დონეზე - ღიად და სამართლიანად ჩაიარა. მან ასევე მიულოცა ქვეყნის მოქალაქეებს ახალი კონსტიტუციის მიღება. მისი აზრით, მოქალაქეებმა „აჩვენეს ერთიანობის, სოლიდარობის, პატრიოტიზმისა და სამშობლოს ბედზე საერთო პასუხისმგებლობის ბრწყინვალე მაგალითი“.
ახალი კონსტიტუცია სულ რაღაც 22 დღეში შემუშავდა. მას სახელმწიფო მოწყობაში მასშტაბური ცვლილებები შეაქვს. მთავარი ცვლილებები ეხება სახელმწიფო მართვის სისტემას: ორპალატიანი პარლამენტის ნაცვლად შემოდის ერთპალატიანი ყურულთაი, რომლის 145 დეპუტატი პარტიული სიებით ხუთწლიანი ვადით აირჩევა.
სხვა შეთავაზებულ სიახლეებს შორისაა: ყაზახეთის კონსტიტუციის უპირობო უპირატესობა საერთაშორისო ორგანიზაციების გადაწყვეტილებებზე; ქორწინების განსაზღვრა, როგორც კაცისა და ქალის ნებაყოფლობითი კავშირი; საპროტესტო აქციების შეზღუდვა იმ შემთხვევაში, თუ ისინი საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ მორალს ემუქრება.