თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
1790601209
მოსკოველმა ქალმა ქმრის მეგობარი უკანონოდ დააკავა, რათა მამაკაცებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეეწყვიტათ. ამისთვის მან ინტერნეტის საშუალებით ოთხი თანამზრახველი მოძებნა და ბინა წინასწარ იქირავა, - ინფორმაციას მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტი ავრცელებს.
გამოძიების ვერსიით, ქალს ქმრის მეგობრის მიმართ პირადი ანტიპათია ჰქონდა და მისი ქმრისგან ჩამოშორება სურდა.
გეგმის განსახორციელებლად ერთ-ერთ თანამზრახველ ქალს მამაკაცთან სოციალურ ქსელში გაცნობა და მისი ნდობის მოპოვება დაავალეს.
18 სექტემბერს მან დაზარალებული ტვერსკაიას ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში შეხვედრაზე მიიწვია.
როდესაც მამაკაცი ბინაში მივიდა, კარი ჩაკეტეს. ცოტა ხნის შემდეგ იქ ორგანიზატორი ქალი და ჯგუფის სხვა წევრებიც მივიდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, თანამზრახველებმა თავი სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებად წარადგინეს, მამაკაცს ხელბორკილები დაადეს, ტელეფონი წაართვეს და ბინის დატოვების უფლება არ მისცეს.
მამაკაცი ბინაში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ჰყავდათ უკანონოდ დაკავებული.
ქმრის მეგობარს თავისუფლება მხოლოდ მას შემდეგ აღუდგინეს, რაც მან პირობა დადო, რომ ორგანიზატორი ქალის მეუღლესთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებდა.
გამომძიებლებმა ქალი და მისი სამი სავარაუდო თანამზრახველი დააკავეს.
მათ ბრალი წაუყენეს წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ, იარაღად გამოყენებული საგნების გამოყენებით ჩადენილ უკანონო თავისუფლების აღკვეთაში.
კიდევ ერთ სავარაუდო თანამზრახველს სამართალდამცველები ამჟამად ეძებენ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.