14 აგვისტოს შუქი გაითიშება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1786639222
უკრაინელი წვევამდელები გერმანიაში დროებითი დაცვის სტატუსს ვერ მიიღებენ - არ გამოირიცხება დეპორტაციაც. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle-ს, ოფიციალური მოთხოვნის საპასუხოდ, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
შეზღუდვა ეხებათ 23-იდან 60 წლამდე ასაკის მამაკაცებს, რომლებიც გერმანიაში 2026 წლის 31 ივლისის შემდეგ ჩავიდნენ. სწორედ ამ თარიღიდან შევიდა ძალაში ევროკავშირის რეგულაცია, რომლის თანახმადაც დროებითი დაცვის სტატუსი ენიჭებათ მხოლოდ იმ პირებს, რომელთაც „უკრაინის წინაშე სამხედრო ვალდებულება მოხდილი აქვთ“.
გერმანიის შსს-ს განმარტებით, სტატუსის მისაღებად უკრაინელმა მამაკაცებმა უნდა წარადგინონ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მათ ქვეყანა კანონიერ საფუძველზე დატოვეს ან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებულნი არიან.
ცვლილება არ ეხებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც გერმანიაში აღნიშნულ თარიღამდე ჩავიდნენ და დროებითი დაცვის სტატუსი საიმიგრაციო კანონის 24-ე პარაგრაფით უკვე მიენიჭათ.
„გერმანიის ტერიტორიაზე არალეგალურად მყოფი უკრაინის მოქალაქეები შესაძლოა დაექვემდებარონ დეპორტაციას, თუ არსებობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გაძევების სამართლებრივი საფუძვლები“, - ნათქვამია უწყების პასუხში კითხვაზე, ემუქრებათ თუ არა დეპორტაცია იმ მამაკაცებს, რომლებიც ვერ დაამტკიცებენ სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების ფაქტს.
„უკრაინაში სამხედრო ვალდებულების არსებობა თავისთავად არ წარმოადგენს თავშესაფრის მინიჭების სამართლებრივ საფუძველს“, - განმარტავენ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროში და დასძენენ, რომ იმ წვევამდელებს, რომელთაც ქვეყანაში დარჩენა სურთ, თავშესაფრის მოთხოვნის განაცხადის წარდგენა ინდივიდუალური წესით შეუძლიათ.