Deutsche Welle: ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ვერ შეთანხმდებიან რუსეთთან მოლაპარაკებებზე ერთიანი სპეცწარმომადგენლის დანიშვნაზე

ევროკავშირი

ევროკავშირის ლიდერები, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში ვერ შეთანხმდებიან რუსეთთან მოლაპარაკებებზე ერთიანი სპეცწარმომადგენლის დანიშვნაზე.

ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ეჭვქვეშ აყენებს ასეთი გადაწყვეტილების მიღებას დუბლინში გასამართ ევროკავშირის არაფორმალურ სამიტზე.

„თუ მკითხავთ, ველოდები თუ არა იმას, რომ სპეცწარმომადგენლის დანიშვნაზე შეთანხმება მოხერხდება, ჩემი პასუხია - არა, არ ველოდები“, - აღნიშნა ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი თქმით, ევროპული საბჭოს თავმჯდომარე, ანტონიუ კოშტა ლიდერებს აბუ-დაბიში გამართული შეხვედრების შედეგების გათვალისწინებით, სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის როლზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალებას მისცემს.

აღსანიშნავია, რომ სამმხრივ მოლაპარაკებებში ევროკავშირისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლები მონაწილეობას არ იღებდნენ.

„ვფიქრობ, შეიძლება დადგეს მომენტი, როდესაც ევროპელებს რუსულ მხარესთან პირდაპირი საუბარი დასჭირდებათ. არსებობს საკითხები, რომელთა მოგვარებაც, შესაძლოა, პირდაპირ ჩვენსა და რუსეთს შორის გახდეს საჭირო“, - განაცხადა ევროკავშირის წარმომადგენელმა.

✕