დედამიწის ბრუნვა აჩქარდა - ივლისსა და აგვისტოში, მეცნიერები რამდენიმე შედარებით მოკლე დღეს ელიან

დედამიწა

ვარაუდობენ, რომ ივლისსა და აგვისტოში დედამიწის ბრუნვის სიჩქარე გაიზრდება. ეს იმ აზრს ეწინააღმდეგება, რომ პლანეტის მოძრაობა თანდათან ნელდება. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენის გარკვეული მიზეზები არსებობს, მეცნიერებისთვის ის მაინც გამოცანად რჩება.

დედამიწის ბრუნვა დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად შეიცვალა. იქამდე, სანამ მზეს სრულად შემოუვლის, ის 365-ჯერ ბრუნავს, რაც ჩვენს კალენდარულ წელს განსაზღვრავს. უძველესი მარჯნების კვლევის შედეგად მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ პლანეტა ოდესღაც ბევრად უფრო სწრაფად ბრუნავდა. კერძოდ, 444-419 მილიონი წლის წინ ის მზის გარშემო ერთი შემოვლის დროს 420-ჯერ შემობრუნებას ახერხებდა.

მარჯანი ზრდის პროცესში ყოველდღე თხელი კალციუმის ფენას აყალიბებს. ის მშრალ სეზონებზე უფრო იზრდება, ვიდრე სველზე. მეცნიერებს შეუძლიათ, კალციუმის ამგვარი ფენები დათვალონ და დაადგინონ, რამდენი დღე იყო წელიწადში. ამ მეთოდის გამოყენებით მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ დედამიწას 444-419 მილიონი წლის წინ წელიწადში 420 დღე ჰქონდა. შემდეგ ის მთვარის ზემოქმედებით ეტაპობრივად შენელდა.

დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის ზღვის დონის ცვლილებები და შიდა გეოლოგიური პროცესები. ყველაზე დიდი გავლენა მაინც მთვარეს აქვს. ის დედამიწას ნელ-ნელა შორდება, ხოლო მათი ურთიერთქმედება ყოველ საუკუნეში ბრუნვის დაახლოებით 1.8 მილიწამით შენელებას იწვევს.

დედამიწის დღეების ხანგრძლივობა ატომური საათების მეშვეობით ზუსტად გამოითვლება. ჩვეულებრივ, მას დროდადრო ერთი დამატებითი წამი ემატება, რომელსაც "ნაკიან წამს" უწოდებენ. ასე პლანეტის შენელებული ბრუნვა რეგულირდება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაგალითად, GPS-ის სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის.

2020 წლის შემდეგ ყველაფერი პირიქით ხდება - დედამიწის ბრუნვა კვლავ აჩქარდა. 2020 წელს 1960 წლის შემდეგ 28 ყველაზე მოკლე დღე დაფიქსირდა. აქამდე რეკორდები ყოველწლიურად მყარდებოდა, ყველაზე მოკლე დღე კი 2024 წელს იყო, ჩვეულებრივზე 1.66 მილიწამით პატარა.

მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში მეცნიერები რამდენიმე შედარებით მოკლე დღეს კვლავ ელიან. Timeanddate-ის ცნობით, 9 ივლისს დღე სავარაუდოდ 1.30 მილიწამით მოკლე იქნება, 22 ივლისს 1.38-ით, ხოლო 5 აგვისტოს — 1.5-ით. აღნიშნული პროგნოზები დედამიწის ბრუნვისა საერთაშორისო სამსახურისა (IERS) და აშშ-ის საზღვაო ობსერვატორიის დაკვირვებებს ეფუძნება. 

მიუხედავად იმისა, რომ მთვარე ჩვენი პლანეტის ბრუნვას ანელებს, ზოგ შემთხვევაში ის სიჩქარის მატებასაც იწვევს: როცა თანამგზავრი ეკვატორთან ახლოსაა, მას უფრო ძლიერი შემაფერხებელი ზემოქმედება აქვს, ხოლო როცა მაქსიმალურად შორს არის (ზაფხულში), ბრუნვის წინააღმდეგობის ძალა მცირდება, რაც დედამიწის ბრუნვას აჩქარებს. სწორედ ამიტომ არის მოსალოდნელი, რომ ზაფხულის ეს დღეები წლის ყველაზე მოკლე დღეები გახდება.

ასტრონომებისთვის მსგავსი ცვლილებები პროგნოზირებადია, მაგრამ ზოგადად ტენდენცია მოულოდნელია. 1972 წლიდან მოყოლებული, დედამიწის შენელებული ბრუნვის ასანაზღაურებლად 27 "ნაკიანი წამი" შემოიღეს. 2016 წლის შემდეგ ასეთი რამ აღარ მომხდარა. IERS-მა დაადასტურა, რომ 2025 წლის ივნისში წამების დამატება საჭირო არ იქნება.

„წამების დამატების საჭიროება აღარაა, რაც მოულოდნელია. ვვარაუდობდით, რომ დედამიწა შენელებას გააგრძელებდა. ასე რომ, ეს შედეგი ნამდვილად გასაოცარია", —აღნიშნა 2021 წელს ფიზიკოსმა ჯუდა ლევაინმა.

დედამიწის ბრუნვაზე გავლენა სხვა ბუნებრივ მოვლენებსაც აქვს, მათ შორის მიწისძვრებს. მაგალითად, 2011 წლის მარტში იაპონიის აღმოსავლეთ სანაპიროსთან მომხდარმა 9.0 მაგნიტუდის მიწისძვრამ დედამიწის მასის ბალანსის ღერძი დაახლოებით 17 სანტიმეტრით გადასწია. ამგვარმა დიდმა მიწისძვრებმა პლანეტის ბრუნვის სიჩქარეც შეცვალა.

„მიწისძვრები დედამიწის მასის გადაადგილებით მის ბრუნვას ცვლის", — განმარტა NASA-ს რეაქტიული ძრავების ლაბორატორიის წარმომადგენელმა, რიჩარდ გროსმა, 2011 წელს.

მეცნიერმა შეძლო გაერკვია, როგორ შეიცვალა მასის გადანაწილება მიწისძვრის შემდეგ.

„თუ დედამიწის მასის გადანაწილება ვიცით, შეგვიძლია, ბრუნვის სიჩქარე გავიგოთ", — თქვა მეცნიერმა.

ჩვენი პლანეტის ბრუნვას, როგორც ყოველთვის, IERS დააკვირდება. ის შეძლებს, ზუსტად დაადგინოს, რამდენად შემცირდება ივლისსა და აგვისტოში დღის ხანგრძლივობა და გვექნება თუ არა ახალი რეკორდი.