დაკარგული ქალი, 62 წლის შემდეგ, იპოვეს - იდუმალი გაუჩინარების საქმე

გაუჩინარებული

ქალი, რომელიც 1962 წელს უკვალოდ გაქრა და ათწლეულების განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა, 62 წლის შემდეგ ცოცხალი და ჯანმრთელი იპოვეს. ამის შესახებ სტატია უცხოურმა მედიამაც მოამზადა. 

საქმე ოდრი ბაკებერგს ეხება, რომელიც 1962 წლის ივლისში, 20 წლის ასაკში, ვისკონსინის შტატიდან გაუჩინარდა. ახალგაზრდა ქალი სახლიდან გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. მიუხედავად მრავალწლიანი ძებნისა და არაერთი ვერსიისა, სამართალდამცველებმა მისი ადგილსამყოფლის დადგენა ვერ შეძლეს და საქმე საბოლოოდ გაუხსნელ საქმეებს შორის მოხვდა.

გამოძიების მასალების მიხედვით, გაუჩინარებამდე ოდრი ოჯახური პრობლემების წინაშე იდგა. მოგვიანებით გაირკვა, რომ მან ქმრის წინააღმდეგ საჩივარიც შეიტანა, რომელშიც ფიზიკურ ძალადობასა და მუქარაზე საუბრობდა. რამდენიმე დღეში კი ქალი უკვალოდ გაქრა.

წლების განმავლობაში არსებობდა ვარაუდი, რომ ის შესაძლოა დანაშაულის მსხვერპლი გამხდარიყო ან გარდაცვლილიყო. თუმცა 2025 წელს, როდესაც ადგილობრივმა შერიფის ოფისმა ძველი გაუხსნელი საქმეების ხელახალი გადამოწმება დაიწყო, გამომძიებელმა ისააკ ჰანსონმა საქმის ახალი კვალის აღმოჩენა შეძლო. თანამედროვე მონაცემებისა და გენეალოგიური ჩანაწერების დახმარებით, მან დაადგინა, რომ ქალი სრულიად სხვა შტატში ცხოვრობდა.

გამომძიებლების გასაკვირად, ოდრი ბაკებერგი ცოცხალი და ჯანმრთელი აღმოჩნდა. მან დაადასტურა საკუთარი ვინაობა და განაცხადა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ახალი ცხოვრებით ცხოვრობდა. სამართალდამცველების ინფორმაციით, მისი გაუჩინარება ნებაყოფლობითი იყო და დანაშაულის კვალი არ გამოვლენილა.

ყველაზე საინტერესო დეტალი ის არის, რომ ქალმა გამომძიებლებს უთხრა, რომ საკუთარი გადაწყვეტილების გამო სინანული არ ჰქონდა. მისი თქმით, მან ცხოვრება საკუთარი არჩევანით განაგრძო და თავს კარგად გრძნობდა. ზუსტი ადგილმდებარეობა, სადაც ის ცხოვრობს, საჯაროდ არ გამჟღავნებულა.