CNN: ტრამპის ადმინისტრაციის წევრები უსაფრთხოების ზომების გაძლიერების ფონზე ვაშინგტონში სამხედრო ბაზებზე ცხოვრებას ამჯობინებენ

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის სულ უფრო მეტი მაღალჩინოსანი ვაშინგტონში მდებარე სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე განთავსებულ საცხოვრებლებში გადადის. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ცნობით, ტრამპის ადმინისტრაციის წევრები აცხადებენ, რომ სამხედრო ობიექტებზე ცხოვრება მათთვის დედაქალაქის ნებისმიერ სხვა უბანში ცხოვრებაზე უსაფრთხოა.

ამჟამად ტრამპის ადმინისტრაციის დაახლოებით ექვსი წევრი ვაშინგტონში სამხედრო საცხოვრებლებით სარგებლობს. გამოცემის შეფასებით, ეს ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია, რადგან წინა პრეზიდენტების ადმინისტრაციებში მაღალი რანგის სამოქალაქო თანამდებობის პირებისთვის სამხედრო ბაზებზე ცხოვრება იშვიათი პრაქტიკა იყო.

საცხოვრებლები, რომლებიც საუკუნეზე მეტი ხნის წინ გენერლებისა და სხვა მაღალი რანგის სამხედრო პირებისთვის აშენდა, მკაცრად დაცულ ტერიტორიებზე მდებარეობს და დედაქალაქის დანარჩენი ნაწილისგან იზოლირებულია.

ექსპერტების შეფასებით, ამ ტენდენციის გაგრძელებაა მოსალოდნელი როგორც „რესპუბლიკელი“, ისე „დემოკრატი“ პრეზიდენტების ადმინისტრაციებში. ამის მიზეზად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალადობის ზრდა და უცხო სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეები სახელდება. CNN-ის ცნობით, ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმვის შესაძლებლობას განიხილავს, მათ შორის ვაშინგტონში ე.წ. ბინძური ბომბის ან ქიმიური იარაღის გამოყენებით.

თუმცა, ამ ტენდენციას მეორე მხარეც აქვს: საჯარო მოხელეები სულ უფრო მეტად იზოლირდებიან საზოგადოებისგან და იკარგება დემოკრატიული ტრადიცია, რომლის მიხედვითაც სამოქალაქო ხელისუფლების წარმომადგენლები რიგით მოქალაქეებთან ერთად ცხოვრობენ.

როგორც CNN აღნიშნავს, ტრამპი ვაშინგტონის იერსახისა და უსაფრთხოების პოლიტიკის შეცვლას ცდილობს. მან დედაქალაქში ეროვნული გვარდია განათავსა, თეთრი სახლის ტერიტორიაზე მასშტაბური სამეჯლისო დარბაზის მშენებლობა დაიწყო და საჯარო გოლფის მოედნის რეკონსტრუქციას გეგმავს. პარადოქსულია, რომ ამ ცვლილებების ფონზე მისი ადმინისტრაცია დედაქალაქისგან უფრო იზოლირებული აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი წინა ადმინისტრაცია.

„როდესაც ასეთ თანამდებობებზე მუშაობენ, ისინი ისედაც გარკვეულ იზოლაციაში ცხოვრობენ, რადგან პირადი დაცვის თანამშრომლები ახლავთ და ერთი ღონისძიებიდან მეორეზე ან საკუთარ სახლებში გადაადგილდებიან. ახლა კი ისინი იმ უბნებშიც აღარ ცხოვრობენ, სადაც ჩვეულებრივი მოქალაქეები ცხოვრობენ“, - განაცხადა ამერიკული უნივერსიტეტის კონგრესისა და საპრეზიდენტო კვლევების ცენტრის დირექტორმა თომას კანმა.

მისი შეფასებით, ეს კიდევ უფრო აძლიერებს საჯარო მოხელეების საზოგადოებისგან იზოლაციას.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ადმინისტრაციის წევრების ნაწილის სამხედრო საცხოვრებლებში გადასვლა მათ მიმართ არსებული მიზანმიმართული უსაფრთხოების საფრთხეებით არის განპირობებული. ამასთან, მან აღნიშნა, რომ მაღალჩინოსნები თავადაც მონაწილეობენ დედაქალაქის უსაფრთხოებისა და კეთილმოწყობის გაუმჯობესების ძალისხმევაში.

საცხოვრებლის საკითხმა „დემოკრატი“ კანონმდებლების ყურადღებაც მიიპყრო. პენტაგონს მიმდინარე წლის გაზაფხულამდე წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტისთვის ანგარიშის წარდგენა დაევალა. დოკუმენტში უნდა აისახოს, რომელი პოლიტიკური დანიშვნის მქონე თანამდებობის პირები ცხოვრობენ სამხედრო საცხოვრებლებში, რა საფრთხეებმა განაპირობა მათი გადასვლა, რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს ამისთვის და რამდენს იხდიან ისინი ქირის სახით.

კალიფორნიის შტატის წარმომადგენელმა ჯორჯ უაიტსაიდსმა, რომელმაც ანგარიშის მომზადებას მხარი დაუჭირა, განაცხადა, რომ აუცილებელია შემოწმდეს, იხდიან თუ არა სამხედროებისთვის განკუთვნილ საცხოვრებლებში გადასული პოლიტიკური თანამდებობის პირები საბაზრო ღირებულების შესაბამის ქირას.

ტრამპის ადმინისტრაციის წევრებს შორის სამხედრო საცხოვრებელში ყველაზე ბოლოს ხაზინის მდივანი სკოტ ბესენტი გადავიდა. მან ჯორჯთაუნში მდებარე საკუთარი სასახლე დატოვა და ვაშინგტონში, დაცულ სამხედრო ბაზაზე განთავსდა.

CNBC-ის ეთერში ბესენტმა განაცხადა, რომ საცხოვრებლის შეცვლა მის მიმართ ირანის მხრიდან არსებული მუქარით იყო განპირობებული. ხაზინის მდივანი ირანის წინააღმდეგ ეკონომიკური ზეწოლის კამპანიას, მათ შორის მასშტაბური სანქციების დაწესებას ხელმძღვანელობს.

„ირანის ხელმძღვანელობას ჯანდაბამდე გზა ჰქონია. მე არ დავუშვებ, რომ შემაშინონ. მათ ჩემ და კაბინეტის სხვა წევრების მიმართ სიკვდილის მუქარა გააჟღერეს. ჩვენ დაშინებას არ დავნებდებით“, - განაცხადა ბესენტმა.

უსაფრთხოების ზომების გამო სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს ასევე აშშ-ის გენერალური პროკურორი ტოდ ბლანში. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მისი წინამორბედი პემ ბონდი გასულ წელს ასევე სამხედრო ბაზაზე ცხოვრობდა.

ზოგიერთი მაღალჩინოსნის სამხედრო საცხოვრებელში გადასვლის მიზეზი უცხოეთიდან მომდინარე საფრთხეები გახდა, სხვები კი ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალადობის ზრდის გამო შეშფოთდნენ. მათ შორისაა კონსერვატორი აქტივისტის, ჩარლი კირკის მკვლელობა და ადმინისტრაციის წევრების მიმართ გახშირებული მუქარები, წერს CNN-ი.

თეთრი სახლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სტივენ მილერი და მისი მეუღლე კეტი, რომლებიც ოთხ შვილს ზრდიან, გასულ წელს ვირჯინიაში მდებარე სახლიდან სამხედრო საცხოვრებელში გადავიდნენ. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა შემთხვევა, როდესაც ქალმა მათი სახლის წინ საპროტესტო აქცია გამართა და ოჯახის საცხოვრებელი მისამართის შემცველი ფლაერები გაავრცელა.

თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, მილერების ოჯახი საცხოვრებლის შეცვლის გადაწყვეტილებამდე თვალთვალის, პირადი მონაცემების უკანონო გავრცელებისა და მუქარის კარგად დოკუმენტირებული კამპანიის სამიზნე იყო.

✕