CNN: ბრაზილიელმა სენატორმა, ფლავიო ბოლსონარომ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართა

ფლავიო ბოლსონარო

ბრაზილიელმა სენატორმა, ფლავიო ბოლსონარომ კვირას გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქვეყანა დატოვა და ამერიკის შეერთებული შტატებისკენ გაემართა. აღნიშნული ინფორმაცია CNN-ს ორმა წყარომ დაუდასტურა.

ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა CNN-ს განუცხადა, რომ ბოლსონარო ამჟამად ფლორიდის მიმართულებით მიფრინავს. ჯერჯერობით უცნობია, თუ როგორ შეძლო მან ბრაზილიის დატოვება, მით უმეტეს, რომ ორშაბათს პოლიტიკოსი აცხადებდა, რომ პოლიციამ მას ქვეყნიდან გასვლა აუკრძალა.

ბოლსონაროსთან დაახლოებული ბრაზილიური წყაროს ცნობით, პოლიტიკოსს სამშობლოში დაპატიმრების ეშინოდა, სადაც ქვეყნის უზენაესი სასამართლო მის წინააღმდეგ გამოძიებას კორუფციის, ფულის გათეთრებისა და სავალუტო მაქინაციების ბრალდებით აწარმოებს. ბოლსონარო ყველა ბრალდებას უარყოფს.

მისი ადგილსამყოფელის შესახებ ეჭვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც არგენტინულმა გამოცემა Infobae-მ გავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლსონარომ ბრაზილია არგენტინის გავლით დატოვა, მას შემდეგ, რაც არჩევნების მეორე ტურში მემარცხენე პრეზიდენტ ლუის ინასიუ ლულა და სილვასთან დამარცხდა. თუმცა, არგენტინის მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ფლავიო ბოლსონაროს შესვლის არანაირი ჩანაწერი არ არსებობს.

CNN Brasil-ის ცნობით, ბრაზილიის ფედერალურმა პოლიციამ ბოლსონაროს საზღვარგარეთის პასპორტები გააუქმა მას შემდეგ, რაც მან დოკუმენტების ნებაყოფლობით ჩაბარებაზე უარი თქვა.

ორშაბათს ბრაზილიის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე დე მორაესმა ბოლსონაროს პასპორტების ჩასაბარებლად 24-საათიანი ვადა მისცა. CNN-ი კომენტარისთვის დაუკავშირდა თავად სენატორს, მის პოლიტიკურ პარტიასა და ბრაზილიის ფედერალურ პოლიციას.

ბოლსონაროს თქმით, პოლიციამ მას ბრძანება პირადად გააცნო და აცნობა, რომ ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა.

✕