ჩვენ უკრაინას ვთხოვეთ კონკრეტული რეფორმები, რომლებიც ხორციელდება და ვხედავთ, რომ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ორგანო შედეგებს აჩვენებს - ევროკომისიის პრესსპიკერი

პაულა პინიო

უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ორგანო მუშაობს და შედეგებს აჩვენებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა, პაულა პინიომ ბრიფინგზე განაცხადა.

უკრაინის ენერგეტიკის ყოფილი მინისტრის გერმან გალუშჩენკოს დაკავების შესახებ ჟურნალისტის კითხვაზე პინიომ განაცხადა, რომ ევროკავშირი აგრძელებს უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მჭიდრო მონიტორინგს და ხედავს, რომ უკრაინის ანტიკორუფციული სააგენტოები შედეგებს აჩვენებენ.

„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების აშკარა ასპექტია. ეს არის ის, რასაც ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით. ჩვენ უკრაინას ვთხოვეთ კონკრეტული რეფორმები, რომლებიც ხორციელდება და ვხედავთ, რომ უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით შექმნილი ორგანო მუშაობს და შედეგებს აჩვენებს“, – განაცხადა პინიომ.

ევროკომისიის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი უკრაინაში ანტიკორუფციულ პროცესს თავიდანვე აკვირდებოდა, როდესაც „გაჩნდა ნიშნები, რომ უკრაინის მთავრობის წევრები შესაძლოა, ჩართული ყოფილიყვნენ კორუფციაში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, გამოყო თუ არა ევროკავშირმა თანხები გალუშჩენკოს „ბირთვული სქემებისთვის“, პრესმდივანმა უპასუხა: „ბირთვულ სქემასთან დაკავშირებით, რამდენადაც მე ვიცი, ჩვენ არანაირი თანხები არ გამოგვიყვია. დამატებითი ინფორმაცია ამჟამად არ გვაქვს“.

ცნობისთვის, უკრაინის ენერგეტიკის ყოფილ მინისტრს გერმან გალუშჩენკოს ფულის გათეთრებისა და კრიმინალურ ორგანიზაციაში მონაწილეობის ბრალდება წარედგინა. გალუშჩენკო გუშინ, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის მცდელობისას დააკავეს.