1748446305
ჩვენ მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების დოკუმენტი კიევისგან, უნდა მივიღოთ მოსკოვისგანაც – კიტ კელოგი

აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, აშშ-მა უკრაინისგან მიიღო ომის დასრულების პირობების ჩამონათვალი, თუმცა მოსკოვისგან ასეთი დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ. აღნიშნულის შესახებ კიტ კელოგმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
კელოგის თქმით, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს ესაუბრა, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთი ამზადებს მემორანდუმს.
„ჩვენ მივიღეთ სამშვიდობო შეთანხმების პირობების დოკუმენტი კიევისგან და უნდა მივიღოთ ის მოსკოვისგანაც. მას შემდეგ, რაც აშშ ორივე დოკუმენტს მიიღებს, მას გააერთიანებენ. ვნახავთ, სად შეიძლება, ვიპოვოთ საერთო შეხების წერტილი. მათ გეგმას ან მემორანდუმს როცა მივიღებთ, მაშინ შევადგენთ საერთო ვარიანტს და შედგება კიდევ ერთი შეხვედრა“, – განაცხადა კელოგმა.
დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ აშშ-ს სურდა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ვატიკანში გამართულიყო, მაგრამ მოსკოვი ამ წინადადებას არ დაეთანხმა.
„ჩვენ გვსურდა ვატიკანში ჩატარება, მაგრამ რუსებს იქ წასვლა არ სურდათ. ამიტომ შემდეგი გაჩერება, შესაძლოა, ჟენევა იყოს, სადაც სამივე ლიდერი – პუტინი, ზელენსკი და ტრამპი შეხვდებიან, ამ ყველაფერზე იმუშავებენ და ომის დასრულებისთვის რაიმე დოკუმენტს მოაწერენ ხელს“, – აღნიშნა კიტ კელოგმა.