1748979470
ჩრდილოეთ კორეა ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ და „ყველაზე მოწინავე“ სამხედრო ხომალდს აშენებს - თანამგზავრის ფოტოები

თანამგზავრულმა სურათებმა აჩვენა, რომ ჩრდილოეთ კორეა, როგორც ჩანს, რესურსებს ხარჯავს თავისი საზღვაო ძალების გაფართოებაზე.
ჩვენ ძალიან ცოტა რამ ვიცით იმის შესახებ, თუ რა ხდება აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყანაში.
ქვეყნიდან მიღებული ახალი თანამგზავრული ფოტოები ცხადყოფს, რომ ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის დღემდე ყველაზე დიდ საბრძოლო გემზე.
თანამგზავრული პროვაიდერების მიერ ამ თვის დასაწყისში გაზიარებული ფოტოების თანახმად, ჩრდილოეთ კორეა მეგაგემს ნამპოს გემთსაშენ ქარხანაში აშენებს. ამის შესახებ CNN-ი წერს.
ექსპერტების ვარაუდით, გემი იქნება მართვადი რაკეტების ფრეგატი (FFG), რომელსაც შეეძლება რაკეტების გადატანა, რომლებსაც როგორც ხმელეთზე, ასევე ზღვაზე სამიზნეებზე თავდასხმა შეეძლებათ.
„FFG-ის სიგრძე დაახლოებით 140 მეტრია, რაც მას ჩრდილოეთ კორეაში წარმოებულ უდიდეს სამხედრო ხომალდად აქცევს“, - განაცხადეს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ანალიტიკოსებმა.
როგორც ჩანს, კიმ ჩენ ინი ავითარებს ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებს, რაც მოიცავს კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტების (ICBM) ტესტირებას, რომლებსაც შეუძლიათ შეერთებული შტატების ნებისმიერ წერტილში მიზანში ამოღება.
ეს ამბავი ერთი თვის შემდეგ გავრცელდა, რაც ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ „ბირთვული ძრავით აღჭურვილი სტრატეგიული მართვადი რაკეტების წყალქვეშა ნავის“ სურათები გაავრცელა, რომელიც კიმის ვიზიტს ქვეყნის ერთ-ერთ უდიდეს გემთმშენებელ ქარხანაში ახლდა თან.
სამხრეთ კორეის წყალქვეშა ნავების ექსპერტმა მოგვიანებით, გამოცემა „The Mirror“-ს სურათების ანალიზი მიაწოდა და თქვა, რომ გემი, როგორც ჩანს, 6000 ან 7000 ტონიანი კლასის წყალქვეშა ნავი იყო, რომელსაც დაახლოებით 10 რაკეტის გადატანა შეუძლია.
„ეს აბსოლუტურად საფრთხის შემცველი იქნებოდა ჩვენთვის და აშშ-სთვის“, - დასძინა მან.
ასევე ამბობენ, რომ ჩრდილოეთ კორეა მეზობელ რუსეთთან უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებას ცდილობს, რადგან „როიტერის“ ცნობით, რუსეთის არმია უკრაინაში დაახლოებით 12 000 ჩრდილოეთ კორეელ ჯარისკაცს აგზავნის.