ჩინური ავიაკომპანია მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისს შეასრულებს

ფრენები

ჩინურმა ავიაკომპანიამ China Eastern Airlines დაიწყო ბილეთების გაყიდვა ახალ მარშრუტზე, რომელიც „მსოფლიოში ყველაზე ხანგრძლივ პირდაპირ რეისად“ არის გამოცხადებული. ის შანხაისა და ბუენოს-აირესს დააკავშირებს, რომლებიც დედამიწის მოპირდაპირე ნაწილებში მდებარეობენ.

ავიაკომპანიის ცნობით, ფრენა შანხაიდან ბუენოს-აირესამდე დაახლოებით 25,5 საათს, ხოლო უკან - 29 საათს გაგრძელდება. თუმცა, ორივე მარშრუტი მოიცავს ორსაათიან ტრანზიტულ გაჩერებას ახალ ზელანდიაში, რა დროსაც მგზავრებს თვითმფრინავიდან ჩასვლა და დასვენება შეუძლიათ. ამიტომ რეისი, მართალია, პირდაპირია, მაგრამ არა უწყვეტი.

რეისები Boeing 777-300ER-ის ტიპის თვითმფრინავით, კვირაში ორჯერ შესრულდება. პირველი ფრენა 4 დეკემბერს არის დაგეგმილი. „მარშრუტი შანხაი პუდუნი - ოკლენდი - ბუენოს-აირესი განიხილება, როგორც მნიშვნელოვანი ღონისძიება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და სამხრეთ ამერიკას შორის „საჰაერო აბრეშუმის გზის“ ახალი არხის შესაქმნელად“, - აღნიშნავენ ავიაკომპანიაში.

დაჯავშნის ვებგვერდ Skyscanner-ის მონაცემებით, შანხაიდან ბუენოს-აირესამდე ამჟამად ყველაზე სწრაფი რეისი დაახლოებით 31 საათს გრძელდება, პარიზში ან ამსტერდამში ტრანზიტული გაჩერებით. ამასთან, საპირისპირო მიმართულებით ფრენის ხანგრძლივობა 28-დან 33 საათამდე მერყეობს.