1789675932
ჩინეთმა ირანს დახმარება სთხოვა იემენელი „ჰუსიტების“ შეკავებაში - „როიტერი“
ოფიციალურმა პეკინმა თეირანს პირადად სთხოვა დახმარება იემენელი „ჰუსიტების“ შეკავებაში, – ინფორმაციას „როიტერი“ ირანელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჩინეთმა ირანს თხოვნით მას შემდეგ მიმართა, რაც საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ჩინეთს მოუწოდა, ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის დეესკალაციისთვის საკუთარი გავლენა გამოეყენებინა.
„როიტერი“ წერს, რომ ჩინეთმა კონფლიქტში ჩართულ მხარეებს საჯაროდ მოუწოდა თავშეკავებისკენ, დიალოგისა და უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენისკენ. გამოცემის წყაროების ინფორმაციით, თავის მხრივ, თეირანმა პეკინს განუცხადა, რომ რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა აშშ-ისრაელის ირანის წინააღმდეგ ომის დასრულებაზეა დამოკიდებული.
„ჩინეთს არ სურს, რომ რეგიონული დაძაბულობა კიდევ უფრო გადაეცეს იემენსა და წითელ ზღვაში. რეგიონული არასტაბილურობის ესკალაცია არცერთი მხარის ინტერესებში არ შედის. ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება უნდა იყოს პატივისცემით გათვალისწინებული და არ უნდა იყოს სამიზნედ ხალხის საარსებო წყაროსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტები. ჩინეთი მოუწოდებს მხარეებს, შეწყვიტონ ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას და მათ საკითხების დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაჭრისკენ მოუწოდებს“, – განაცხადეს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
ცნობისთვის, „ჰუსიტები“ იემენური დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილს აკონტროლებს. გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ „ჰუსიტების“ მოძრაობამ იემენის წითელი ზღვის მთელ სანაპიროზე დაამყარა კონტროლი.












