1751215735
ჩეხეთში თახვებმა ერთ ღამეში ააგეს დამბა, რომლის აშენებასაც მთავრობა შვიდი წელი ცდილობდა

ჩეხეთში, ბრდის რეგიონში, სანამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დამბის ასაშენებლად საბუთებს აგვარებდნენ და ნებართვას ელოდებოდნენ, საქმე თახვების ოჯახმა გადაიბარა და მასშტაბური პროექტი, არც მეტი, არც ნაკლები, ერთ ღამეში დაასრულა. ბუნებაში არქიტექტორების სახელით ცნობილმა მღრღნელებმა ამით წყალ-ჭაობი ზუსტად საჭირო ადგილას შექმნეს და მთავრობას 30 მილიონი ჩეხური კრონა (∼3,8 მილიონი ლარი) დააზოგვინეს.
წლების წინ, როცა იქ სამხედრო ბაზა იყო, ადგილი ხელოვნურად დააშრეს, ადრინდელი ბიოტოპის აღსადგენად მომზადებული პროექტი კი დიდი ხანი იდო თაროზე. ამ ხნის განმავლობაში განიხილებოდა ტერიტორიის კუთვნილების საკითხი, ნებართვების აღება და სხვა. თახვებს კი დამბების ასაშენებლად არც საბუთის აღება დასჭირვებიათ და არც თანხაო, ამბობს ბრდის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ბოჰუმილ ფიშერი.
"თახვებს დამბების აგება ერთ ან მაქსიმუმ ორ ღამეში შეუძლიათ", — აღნიშნავს ზოოლოგი ირჟი ვლჩეკი და ამატებს, რომ ამ საქმეში ცხოველებს კონკურენციას ვერავინ გაუწევს.
გარემოს დამცველების თქმით, რეგიონში თახვებმა შექმნეს ისეთი წყალჭაობიანი ადგილი, რომელიც იშვიათი სახეობის არაერთი კიბოსთვის, ბაყაყისა და სხვა ცოცხალი არსებებისთვის ხელსაყრელ საცხოვრებელ გარემოდ იქცევა.
"თახვებმა თავიანთი საქმე საუკეთესოდ იციან", — ამბობს ჩეხეთის გარემოს დაცვის სააგენტოს წარმომადგენელი იაროსლავ ობერმაიერი, — "ისინი ყოველთვის სწორად ირჩევენ ადგილებს დამბების ასაგებად — იმაზე უკეთ, ვიდრე ჩვენ ამას ფურცელზე ვახერხებთ".
ამ რეგიონში, სულ მცირე, თახვების რვა წევრისგან შემდგარი ოჯახი ბინადრობს. სააგენტოს განცხადებით, მღრღნელებს წინათაც არაერთი სასარგებლო საქმე გაუკეთებიათ, თუმცა, ზოგჯერ თახვებისა და ადამიანების ინტერესები ერთმანეთს ვერ ემთხვევა. ასე მოხდა, მაგალითად, მაშინ, როცა ჩეხეთის სხვა რეგიონში თახვებმა რკინიგზის ლიანდაგები დატბორეს.